20-24 მარტს თბილისში (სპორტკომპლექსი ახალი თბილისი) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტარდება „საქართველოს მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატი 2019“, სადაც მონაწილეობას დებულებით განსაზღვრული ყველა ასაკობრივი და წონითი კატეგორია მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მკლავჭიდში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, წელს ახალი კატეგორიაა წარმოდგენილი – ჭაბუკები 15 წლამდე, ხოლო თავად ჩემპიონატი პარა-მკლავჭიდში უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოში და რიგით პირველი ჩემპიონატია მკლავჭიდის აღნიშნულ მიმართულებაში.

19 მარტს, ჭაბუკების, ახალგაზრდების, პარა-სპორტსმენებისა და ვეტერანების რეგისტრაციის, აწონვებისა და კლასიფიკაციის შედეგად 250-ზე მეტი სპორტსმენი დაფიქსირდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დიდებისა და ქალთა გუნდის რეგისტრაციის შემდგომ, მონაწილეთა რიცხვი სავარაუდოდ 600-ს გადააჭარბებს.

აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოს მკლავჭიდის ერთიან ეროვნულ ფედერაციას (პრეზიდენტი: სოსო ჯაჭვლიანი) ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების წინ ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებაში, სპორტსმენთა მომზადებულობის ხარისხის დადგენასა და ახალი სახეების აღმოჩენაში დაეხმარება, რის შედეგადაც ეროვნული ნაკრები სრულყოფილად წარსდგება და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე.

Please follow and like us: