სოციალურ ქსელში ძველი თბილისის „გაფერადებული“ ფოტოები გამოჩნდა. განსხვავებული ხედები, ცნობილი აივნები, კინტოები და ქალაქის სხვა კოლორიტული მახასიათებლები შავ – თეთრის ნაცვლად, ახლა ფერადია.

უცნობია ნამუშევრების ავტორი, თუმცა, ერთ-ერთი ვინც ფოტოები გაავრცელა, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირია.

„ადამიანები, რატომღაც, ძველის შავ – თეთრად დანახვას მიეჩვივნენ. თითქოს, სტერეოტიპია, რომ ძველი აუცილებლად შავ-თეთრი უნდა იყოს. არა და, მგონია, ფერადი უკეთესია. მე-19 საუკუნეში დიმიტრი ერმაკოვს ან ალექსანდრე როინაშვილს ფერადი ფოტოაპარატი რომ ჰქონოდათ, ვფიქრობ, დიდი სიამაყით გადაიღებდნენ ასეთ ფოტოებს და არა შავ – თეთრს. ზოგს არ მოეწონა „გაფერადებული“ ძველი თბილისი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ქალაქი ახლებურად უნდა დავინახოთ და ახალი სიცოცხლე შთავბეროთ. ეს ფოტოები რომ ვნახე, მეც გამიჩნდა „გაფერადების“ იდეა, მაგრამ მე ფოტოგრაფიაში, პრაქტიკულად არ ვიყენებ „ფოტოშოპს“ ან სხვა პროგრამას და ვნახოთ, რა იქნება.  თუმცა, ძველი თბილისის საკმაოდ დიდი არქივი მაქვს. კარგი აზრია „გაფერადდეს“ ის ფოტოები, სადაც დედაქალაქის მაშინდელი აივნები და ხალხის ჩაცმულობა ჩანს. თბილისი ხომ ცნობილი იყო ულამაზესი აივნებით, მასზე დაფენილი ხალიჩებითა და ფარდაგებით, რაც ასეთ სიჭრელეს აძლევდა მას?!”,- ამბობს გოგა ჩანადირი.

 

Please follow and like us: