დღეს, ფოტოს ბევრი იღებს. ვისთვის ეს სამოყვარულო საქმიანობაა, ვისთვის კი – ცხოვრების წესი. ზოგისთვის ფოტო რეალობის ასახვაა, სხვებისთვის კი ამ რეალობის მიღმა ისტორიები. ზურაბ ცერცვაძე ფოტოგრაფია. როგორც სხვა ხელოვანებს, საკუთარი პროფესიული ამბები მასაც აქვს.

ამ განაპირობა ის, რომ ფოტოგრაფიით დაინტერესდი?

ფოტოგრაფიასთან პირველი შეხება სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე მქონდა. მახსოვს, მშრალ ხიდზე შეძენილი კამერა “სმენა 6”, რომლის ღირებულება ათი ლარი იყო. ფირებს კი, გამომცემლობა „საქართველოს თანამშრომელ გენასგან“ ვყიდულობდი – შავ-თეთრი, ოცდარვა კადრიანი, დაბალი ხარისხის ფირები იყო. ფირით გადაღება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ, ექვსი წლის შემდეგ, ციფრული კამერის ხელში აღებისას, ძალიან გამიადვილა გადაღების პროცესი. ყოველთვის ბევრს ვმოგზაურობ. თითქმის, არ არსებობს თავისუფალი დრო, როცა შეიძლება, თბილისში დავრჩე. თავიდან, ფოტოების გადაღებისა და კადრების ადამიანებთან გაზიარებისას მხოლოდ ის ინტერესი მქონდა, ბევრს მონდომებოდა მოგზაურობების დაგეგმვა. მივიჩნევ, რომ გზაში ყოფნა, ახალი ადგილების აღმოჩენა და თავგადასავლები დადებითად მოქმედებს ყველა ჩვენგანზე. ეს საუკეთესო ანტიდეპრესანტია.

ამასთან, ქალაქის ხმაურს გაცილებულები მეტად ვაქცევთ ყურადღებას იმ ადამიანურ ემოციებს, რომლებიც აუცილებელია საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის. სწორედ ამ ინტერესით დავიწყე იმ კადრების სხვებისთვის გაზიარება, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიღებთ. თანდათან მივხვდი, სხვა საქმის კეთებისასაც ფოტოგრაფიაზე ვფიქრობდი. მხოლოდ ამ კუთხით აღვიქვამდი ჩეს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს. დღეს უკვე, ჩემი ყოველდღიურობა ჩემს კამერას უკავშირდება.

ყველაზე ხშირად, რას იღებ?

ჩემი ინტერესი იმ კადრებზეა, რომლებიც შეიძლება, სხვისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. დიდ ექსტაზს ვგრძნობ ლანდშაფტის გადაღებისას და საოცარი ექსტრემი მოაქვს რეპორტაჟის კეთებას.

ყოველთვის შეგიძლია, კამერა აიღო და ფოტოების გადასაღებად წახვიდე?

წარმოუდგენელია, დაიძინო, როცა იდეა გაწუხებს. ყველა ფეხმძიმეს ეჩქარება მშობიარობის დაწყება და უხანგრძლივდებათ მოლოდინი. იდეის დაბადებაც იგივე პროცესია. მოუსვენარი გრძნობაა, ვიდრე ფოტოზე არ გადაიტან. ყოფილა მოსაწყენი პროექტებიც, როცა კონკრეტული გადაღების მიმართ ინტერესი ნაკლებია. ამ პროცესს ორი ადამიანის ურთიერთობას შევადარებ – თუ ადამიანი ძვირფასია, კრიტიკულ სიტუაციებში ყველაფერს აკეთებ მასთან ურთიერთობის შესაბარჩუნებლად.

აქ სპორტული ინტერესიცაა – შექმნა მეტი, მიაღწიო შენს მაქსიმუმს.

შენი აზრით, რა უნდა ახასიათებდეს მოყვარულ ფოტოგრაფს, რომ ის პროფესიონალ ფოტოგრაფად იქცეს?

იყო კარგი პიროვნება, სწორი ადამიანი! ფოტოს ქმნის პიროვნება და ამ პიროვნებად ჩამოყალიბების შედეგებს ვხედავთ ავტორის ნამუშევარზე. როცა თქვენ რომელიმე ფოტოთი ხართ აღფრთოვანებული, პირველ ყოვლისა, ავტორის პიროვნებით იხიბლებით, რადგან, რომ არა ეს, ვერაფრით შექმნიდა პროდუქტს, რომელიც თქვენ ასე მოგეწონათ.

ფოტოგრაფისთვის აუცილებელია აღმოჩენისა და გაზიარების სურვილები. რაც მეტად დიდია ეს გრძნობა, მით მეტი აქვს მოტივაცია ფოტოგრაფს. თუ ამას ემატება ახლის შექმნის სურვილი, გარემოს ესთეტიკური აღქმის უნარით, მაშინ საქმე წონიან ფოტოგრაფთან გვაქვს. ხშირად ვამბობ, კარგი ფოტოს შექმნა ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია, მობილური ტელეფონის კამერითაც. კარგი ფოტოს გადასაღებად არაა აუცილებელი, იყო ფოტოგრაფი.  ორ ადამიანს შორის, რომელსაც კამერა აქვს, ფოტოგრაფია ის, ვისაც ახლის ძიების მეტი უნარი აქვს.

ამ დროისთვის, რას მოღვაწეობ და, ფოტოგრაფიის კუთხით, რას საქმიანობ?

ამჟამად, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ფოტოგრაფი ვარ. პარალელურად, ვაკეთებ რამდენიმე ბეჭდურ პროექტს. ცოტა ხნის წინ, იყო ჩემი და პროფესორ ჰანს-გიუნტერ ლიდნერის ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია “values of Georgia”. წლის მანძილზე, დაგეგმილია კიდევ ოთხი წიგნის გამოცემა, რომლის შექმნაშიც მე ვიღებ მონაწილეობას. ახლო მომავალში, დაგეგმილი მაქვს მთიანი კავკასიის შემოვლა ერთი ძალიან საინტერესო პროექტით.

რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ პროფესიულ წარმატებად?

ჩემთვის უცნობი ადამიანებისგან პატივისცემას. ეს დიდი მოტივაციაა, უკეთ აკეთო შენი საქმე.

გარდა ფოტოგრაფიისა, რით ხარ დაინტერესებული?

საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე პერსპექტიული საქმიანობაა. ყოველდღიურად ეცადო, იყო იმაზე უკეთესი ადამიანი, ვიდრე იყავი გუშინ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

გაზიარება