საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ქართველი პოეტები ლია სტურუა, ეკა ქევანიშვილი და შვედური გამომცემლობის „Smockadoll” ხელმძღვანელი, კრისტიან კარლსონი მონაწილეობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამომცემელმა კრისტიან კარლსონმა და პოეტებმა ლექსები შვედურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს. კრისტიან კარლსონმა ქართულ თანამედროვე პოეზიაზე ისაუბრა.
ქართველი პოეტები მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა, ანეტ როსენგრენმა წარადგინა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. მან ქართული პოეზიის როლზე და საქართველოს და შვედეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. ელჩმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო და შვედეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
სტუმრებს შორის ასევე იყვნენ შვედეთის მწერალთა კავშირის წევრები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, საელჩოს თანამშრომლები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საელჩოს, შვედეთის მწერალთა კავშირის, გამომცემლობა „Smockadoll”-ის და შვედეთის კულტურის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, ქართველი პოეტი პაატა შამუგია, გამომცემელი ქეთევან დუმბაძე და შვედეთში მცხოვრები ქართველი პოეტი და პერფორმანს არტისტი, ზურაბ რთველიაშვილიც ესწრებოდნენ.
გასულ წელს შვედურ ენაზე გამოიცა ქართული პოეზიის ანთოლოგია ”Den Kaukasiska Fallenheten”, რომელშიც შესულია თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები. ანთოლოგია შვედურად თარგმნეს მანანა კობაიძემ და კრისტიან კარლსონმა.
ქართველი პოეტების შეხვედრები შვედ მკითხველთან ასევე გაიმართა ქალაქ მალმოში.