მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ , რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი. მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე, – ამის შესახებ ლადო აფხაზავა თავის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის. ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი. მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე.

მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას. ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!“ – წერს აფხაზავა.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ გამარჯვებული კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

10 საუკეთესო მასწავლებელს შორის იყო ლანჩხუთის მუნიცაპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა. ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და 10 000 ლარის ოდენობის პრემია მიიღო. ლადო აფხაზავა ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. არის პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ავტორი, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

Please follow and like us: