სოციალურ მუშაკთა გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალური სამუშაო ამით არ შეფერხდება, რადგან უწყება წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე გადაერთო და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან.

რაც შეეხება პროტესტის მიზეზს. გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესახებ გეგმა არსებობს, ნაწილის მოგვარებას კი დრო სჭირდება.

სოცმუშაკები ბათუმში, ქუთაისში და თელავშიც გაიფიცნენ. ბათუმში გაფიცულებმა ვარდების სკვერში შესაძლოა კარვებიც გაშალონ.

“სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის”, ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს ” – ამ ტრანსპარანტებით ხელში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრმლებმა აქცია თელავში გამართეს. სოცმუშაკები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურების შექმნას ითხოვენ. აქციას კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეუერთდა.

ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა იმერეთის მასშტაბითაც. ,,დაუცველი დამცველები”, “ვიფიცებით ჩვენი პროფესიის გადასარჩენად”, “ვითხოვთ ღირსეულ მოპყრობას” – ამ ლოზუნგებით ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წინ შეიკრიბნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ბენეფიციარებისთვის ეფექტური მომსახურებების შექმნა, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ქუთაისის მერიის წინ გადაინაცვლეს.

Please follow and like us: