ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 ათას ლარამდე) ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.

ყოფილი პატიმრები საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. საგრანტო კონკურსში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები მონაწილეობენ.

გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: სამეგრელო – 13 ბენეფიციარი, იმერეთი – 4, აჭარა – 2, კახეთი – 2, შიდა ქართლი – 4, ქვემო ქართლი – 1, მცხეთა-მთიანეთი – 2, თბილისი-6.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის 2013 წლიდან ახორციელებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოფილ პატიმრებს ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება, მინიმუმამდე ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, უსაფრთხო გარემოს წინაპირობაცაა. საგრანტო პროგრამას მონიტორინგს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” უწევს.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საგრანტო პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა” 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2018 წლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალი პატიმრის) ბიზნესიდეები დაფინანსდა.

Please follow and like us: