სულ ცოტა ხნის წინ, სათამაშო ბიზნესმა საკუთარი პლასტიკური ბარათები შექმნა. აქ თანხის ბრუნვა დაფარულია და საბანკო ამონაწერები არ ჩანს. ამ ბარათებს „უხილავი პლასტიკური ბარათები“ ჰქვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „თბილისი თაიმსს“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ესაუბრა.
რამ განაპირობა ის, რომ სათამაშო ბიზნესმა ამ მეთოდს მიმართა?
ზოგადად, წლების განმავლობაში და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ბანკები იყო ძალიან კონსერვატიული, მკაცრი იმ კლიენტების მიმართ, რომლებიც თანხას რიცხავდნენ სხვადასხვა კაზინოს, ან ინტერნეტკაზინოს ანგარიშებზე. უმეტესად, ბანკი ერიდებოდა ასეთი ადამიანებისთვის სესხების მიცემას. შესაბამისად, ამან განაპირობა ის, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს მომხმარებლები არ დაეკარგათ.
გამოიგონეს უხილავი ბარათები, რომელთა მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ისინი არის კონფიდენციალური – მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ვერავინ გაიგებს. სახელიც შესაბამისი შეურჩიეს. ამ ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა, განაღდება. ის ძალიან არის დაახლოებული საბანკო ბარათებთან, რადგან არაერთი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა იმ ერთი განსხვავდბით, რომ, უხილავი ბარათების შემთხვევაში, არ ხდება პირის იდენტიფიცირება.
თვითონ სათამაში ბიზნესი რა აქცენტებს აკეთებს ამ სიახლესთან დაკავშირებით?
ამ ბარათების მთავარი უპირატესობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ არის კონფიდენციალური. დანარჩენი უპირატესობა მას არ აქვს. მთავარი ნიშანი არის სწორედ ის, რომ ისინი არ არის მიბმული საბანკო აბგარიშზე.
რა რისკები ახლავს ამ ბარათებს?
რისკები არის ის, რომ საბანკო სექტორის მიღმა რჩება, შესაძლოა, თანხის ძალიან დიდი ნაწილი.ირიბად კი აკონტროლებს ფინანსური ზედამხედველობუს სამსახური, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე კონტეოლდება, რა თქმა უნდა. პლუს, არსებობს რისკი იმისა, რომ მოსახლეობაში ჭარბვალიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამ ადამიანებმა, რომლებიც, აქამდე, სესხს ვერ იღებდნენ, თამაშში ჩართულობის გამო, უბრალოდ, დამალონ ეს ბრუნვა – აიღონ სესხი. შემდეფ ამ სესხით, ძირითადად, რასაც აკეთებენ ადამიანები, ეს ჩვენ კარგად ვიცით.
ვისზე და რა ფორმით აისახება ეს სიახლე?
ამ ეტაპზე, უფრო მეტად, ეხება იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჩართულები არიან, განსაკუთრებით, ინტერნეტთამაშებში. თუმცა, ერთ-ერთი უარყოფითი არის ის, რომ, შეიძლება, საფინანსო სექტორზეც ნეგატიურად აისახოს. თუკი ამ ბარათებზე იმაზე მეტი თანხები იმოძრავებს, ვიდრე ეს მოსალოდნელია, ჩაერევიან მარეგულირებლები. ისინი გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებენ. მე ამის იმედი მაქვს.
საბოლოოდ, როგორ შეიძლება, ეს სიახლე შეფასდეს?
პრინციპში, ამაში უკანონო არაფერია. იურიდიულად ყველაფერი დასაშვებია. ეს არის ბიზნესი. შესაბამისად, უკვე ჩვენი ვალია, რომ მომხმარებლები გავაფრთხილოთ იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, ამ ფაქტს ახლდეს. თუ ადამიანი აქტიურად თამაშობს გასართობს თამაშებს და საბანკო ანგარიშებიდან თანხებს ასევე აქტიურად რიცხავს აზარტული თამაშების კომპანიების ანგარიშებზე, დიდი ალბათობით, ბანკიდან სესხს ვერ მიიღებს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე