დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტვერელის სახელობის ტაძართან  მიმდინარე მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ადგილობრივებს, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ.

„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები იყო და ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს, მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის და კოეფიციენტის მატება მოხდება. ეს არის ორ-სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლები. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან როცა სამუშაოები, გადათხრილი მიწის ნაკვეთი ვნახე, ეჭვი მეც გამიჩნდა. შესაბამისად, დავინტერესდი, რეალურად რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველა პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელიც აღნიშნული მშენებლობით არის დაინტერესებული, სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„მინდა ჩემი თანამშრომლების მიმართ საყვედურის სახით ისიც ვთქვა, რომ როდესაც ეს თემა აქტუალური გახდა, ალბათ შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი უნდა დაებარებინათ. არ ვსაუბრობ ოპონენტებზე. ვიცით, რომ მათ გარკვეული ინტერესები აქვთ და ყოველთვის ეცდებიან, ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. მინდა ილია ელოშვილს ვთხოვო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც თბილისზე გული შესტკივათ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა ინვესტორი დაავალდებულა, რომ გაემაგრებინა ეკლესიის ღობე, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და პირველ რიგში, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

Please follow and like us: