პარლამენტის წევრებმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ბრიფინგზე სოციალური მუშაკების გაფიცვის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დიალოგის დაწყება დადებითად შეაფასეს.

„დღეს მინისტრსა და სოციალურ მუშაკთა შორის გაიმართება შეხვედრა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დიალოგის პროცესი აღსდგა და ვიმედოვნებთ, რომ ეს დიალოგი არ დასრულდება ისევე უშედეგოდ, როგორც მედიაციის პროცესი დასრულდა. თუ სოციალური მუშაკების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს დააზარალებს არა მხოლოდ მათ და მათ სამუშაო მდგომარეობას, არამედ შესაბამისად იმ ოჯახებსაც რომლებზეც მათ უწევთ ზრუნვა. სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში უნდა გახდეს ზრუნვაზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებული, რომ ადამიანებს მომავალში განვითარების და თვითრეალიზების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში მოიწვია.

„ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამ ადამიანების ინტერესს და შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს იმ ფორმატში, რომელსაც ის აირჩევს, თუნდაც თავისი ინიციატივით მობრძანდეს პარლამენტში და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. ეს არის საშუალება, სადაც ცივილიზებული, პოლიტიკური გზით შეგვიძლია პრობლემის მოგვარება. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული და შეთანხმებული გეგმა, ისე რომ ამ ადამიანების ინტერესი იყოს დაცული“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

Please follow and like us: