განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრეინინგები მიმდინარეობს.

სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში,  სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

გორის სკოლაში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ხელბურთში მერაბ მეტრეველი უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე, სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სპორტის მასწავლებლებისთვის თბილისში 3 დღიანი სემინარი მოეწყო.

სემინარში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 48 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 60-მდე მასწავლებელმა, რომლებიც მიღებულ ცოდნას უკვე რეგიონის მასშტაბით მომუშავე სპორტის მასწავლებლებს გადასცემენ.

თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტრეინინგების მიზანია პროექტის – „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ – განვითარება და სამომავლო გაფართოება, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით ხორციელდება.

Please follow and like us: