განურჩევლად ყველას აქვს სურვილი, იყოს საინტერესო, გემოვნებიანი და სურნელოვანი პროდუქციის მომხმარებელი. „საპონერია“ ამზადებს იმ პროდუქტებს, რომლებიც, გარდა განსაკუთრებული ვიზუალისა, სასარგებლო და ჯანსაღი ნივთიერებების შემცველია. მისი წარმოება ჯერ ვიზუალით მიგიზიდავთ, შემდეგ კი თავისი სასარგებლო თვისებებით.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „საპონერიას“ დამფუძნებელი, ანა კაჭკაჭიშვილი პასუხობს.

რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?

ქართულ ბაზარზე 4 წლის წინ გამოვჩნდით. მანამდე ეს საქმიანობა ჩემი ჰობი იყო და მხოლოდ მეგობრებისთვის ვამზადებდი საპნებს. დროთა განმავლობაში, გავიტანეთ პროდუქცია „Tbilisi flea” და „სტარტაპ“ მარკეტებზე, სხვადასხვა ფესტივალებზე და, მოთხოვნიდან გამომდინარე, ჰობი საქმედ იქცა.

რას აწარმოებთ?

ამჟამად, ვაწარმოებთ სხვადასხვა დანიშნულებისა და თვისების მქონე სახისა და ტანის საპნებს, აბაზანის ბომბებსა და ასაქაფებლებს, რუჯის დამაჩქარებელ და სხეულის მბზინავ კარაქებს.

რისგან მზადდება თქვენი პროდუქცია?

პროდუქციას ვამზადებთ მხოლოდ ნატურალური, მცენარეული და ორგანული ზეთებით, კარაქებით, თიხებით, სხვადასხვა მცენარითა და ეთერზეთებით. რეცეპტებს ისე ვქმნით, რომ ყველა ინგრედიენტი გარკვეულ სარგელებელს სძენს პროდუქტს.

როგორ იქმნება თქვენი ერთი პროდუქტი?

დამზადებადე, იქმნება მისი რეცეპტი იმის მიხედვით, თუ რა არის საბოლოო მიზანი, რასაც ესა თუ ის პროდუქტი უნდა ემსახურებოდეს. შემდეგ, იქმნება დიზაინი; იგეგმება, როგორი თანმიმდევრობით უნდა დავამზადოთ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ამის შემდეგ კი იწყება ყველაზე რთული და საინტერესო, დამზადების პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, რადგან, მხოლოდ მცირედი გადაცდომითაც კი, შესაძლოა, მთელი პროცესი ჩაიშალოს. ყურადღება უნდა მიექცეს ინგრედიენტების ტემპერატურას, pH-ს, ზედმიწევნით ზუსტ წონასა და სხვა მრავალ ფაქტორს. დამზადებას მოსდევს საპნების შრობის 1-თვიანი პერიოდი, რათა მიმდინარე პროცესები ბოლომდე დასრულდეს და პროდუქტმა საბოლოო და საუკეთესო სახე მიიღოს.

რით გამოირჩევა თქვენი წარმოება სხვებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არიან სხვა მწარმოებლებიც, ჩვენი პროდუქცია ცალსახად გამოირჩევა ვიზუალითა და დიზაინით; ასევე – ინგრედიენტებით, რადგან ვცდილობთ, ყველაფერი საუკეთესო გამოვიყენოთ და ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოგვაქვს საუკეთესო ინგრედიენტები.

ასევე, გამორჩეულია ჩვენი რეცეპტებიც, რომლებიც იქმნება ძალიან დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით სამედიცინო განათლების მქონე ადამიანის მიერ.

რის მიხედვით იქმნება მათი დიაზინი?

დიზაინის ინსპირაცია ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს: ბუნება, საჭმელი ან ხელოვნების ნებიესმიერი დარგი. როდესაც მთელი გულით აკეთებ საყვარელ საქმეს, სადაც არ უნდა იყო, მუდმივად ამაზე გეფიქრება და ეძებ გზებს, როგორ გააუმჯობესო ესა თუ ის ასპექტი. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ფანტაზია და კრეატივი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც „საპონერიელებს“ ნამდვილად არ გვაკლია.

ვის შეუძლია თქვენი პროდუქციით სარგებლობა?

ჩვენი მომხმარებლები არიან ყველა ასაკის ადამიანები, მათ შორის – ახალშობილებიც. ვცდილობთ, ყველანაირი ტიპის კანისა და პრობლემისთვის გვქონდეს შესაბამისი პროდუქტი. ჩვენთან ყველაფერი ჰიპოალერგიულია, ამიტომ არც ამ მხრივ არსებობს რაიმე შეზღუდვა.

სხვა ტიპის პროდუქციის წარმოებას თუ გეგმავთ?

რა თქმა უნდა! ბაზრის მოთხოვნის მიხედვით, ვამატებთ ახალ-ახალ პროდუქტებს და საკმაოდ ბევრი ნიშის ათვისებას ვგეგმავთ. მალე დაგვემატება თმისა და სხეულის მოვლის საშუალებებიც და საკმაოდ ფართო არჩევანი გვექნება. ეს საქმიანობა ძალიან დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, არ გვინდა ხარისხის დაწევა, ამიტომაც არ ვჩქარობთ ამ პროცესს.

ავტორი: მარიამ ტილეიძე

Please follow and like us: