საკუთარი ცხოვრების გარკვეული ნაწილის შესახებ დღეს ჩვენ გურამ მურადოვი გვიამბობს. მონდომებამ და ინტერესმა მას მრავალი წინააღმდეგობა გადაატანინა და დღეს კმაყოფილია იმ გზით, რაც გაიარა. ნელ-ნელა, ის მოყვარული ფოტოგრაფის გზიდან პროფესიონალი ფოტოგრაფის გზას დაადგა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული. შეიძლება, ერთი ადამიანიც არ გაგვახსენდეს, ვინც ცემენტისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.

ელოვნებაში, რა მიმართულებებით ხარ დაინტერესებული?

ბავშვობიდან, ხელოვნების ნებისმიერი მიმართულება მაინტერესებდა; თუმცა, ბოლოს, არჩევანი ფოტოგრაფიაზე შევაჩერე. ფოტოგრაფიაში უკვე თითქმის 15 წელია, ვარ გადავარდნილი და, ასე ვთქვათ,  ჰობიდან პროფესიაში გადაზრდილი სფეროა ჩემთვის.

ფოტოგრაფია შენთვის გამორჩეულია. ამ მხრივ, რას იღებ და სად საქმიანობ?

ფოტოგრაფია ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულად საყვარელი საქმე და სფეროა. ძირითადათ, ფოტოჟურნალისტიკით ვარ დაკავებული, თუმცა, ძალიან მაინტერესებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვა ჟანრებში მუშაობაც. ამ წლების განმავლობაში, საკუთარი თავი ბევრ სხვადასხვა ჟანრში გამოვცადე, ზოგი მომეწონა, ზოგი არა. ფოტოჟურნალისტიკის გარდა, ხშირად, სარეკლამო, „ბიუთი“ და პორტრეტის ჟანრის ფოტოგრაფიით ვერთობი, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, აკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს. საბედნიეროდ, მაქვს ის ფუფუნება, ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს.

ცემენტისგან ნივთებს ამზადებ. ალბათ, ამას ბევრი არ აკეთებს. რამ განაპირობა, რომ ამით დაინტერესდი და რას ამზადებ?

ხელოვნების თითქმის ყველა სფერო მაინტერესებს, მათ შორის, დიზაინიც და, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ ახალ-ახალი რაღაცების სწავლას. რამდენიმე წლის წინ, ბარსელონაში მოგზაურობის ბედნიერება მქონდა და ზუსტად ბარსელონა გახდა „Urban Mood“-ის, სახლის დეკორატიული ნივთების მაღაზიის შექმნის ინსპირაცია. იმდენად მოვიხიბლე არქიტექტურით, ფერებით, ძველი და ახალი შენობების და ქუჩების სინთეზით, რომ, საქართველოში დაბრუნებისთანავე, დავიწყე სახლის დეკორატიული ნივთების კეთება, რამაც ასევე ძალიან ჩამითრია და საკმაოდ მოკლე პერიოდში წარმატებასაც მიაღწია. ცემენტი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გახდა ინტერიერის დიზაინის ერთერთი საუკეთესო მეგობარი. მე, პირადად, ძალიან მომწონს ფერი, ფაქტურა. ვამზადებ სანათებს, საყვავილე ქოთნებს, საათებს, ჯამებს, სუვენირებს და ა.შ. ძალიან მომწონს ის მომენტი, თუ როგორი მსუბუქი და დახვეწილი ნივთების კეთებაა შესაძლებელი მასალისგან ,რომელიც სიმძიმესა და რაღაც მასურთანაა დაკავშირებული.

ამ მხრივ, თვითნასწავლი ხარ?

კი ბატონო, თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ და თვითნასწავლი დიზაინერიც.

როგორც ვიცი, საკუთარი ონლაინმაღაზია გაქვს. ამასთან დაკავშირებით რას მეტყვი?

დიახ, „Urban Mood“-ი როგორც ფოტოგრაფია ჰობიდან საქმიანობაში გადაზრდილი საქმიანობაა. მაღაზია მუშაობს ონლაინრეჟიმით და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ერთგული მეგობრებისა, გვყავს რამდენიმე კორპორატიული დამკვეთიც.

როგორ შეაჯამებ იმ გზას, რომელიც დღევანდელობამდე გაიარე?

საკმაოდ გრძელი გზა გამოვიარე. დავიწყე, ფაქტობრივად, ნულიდან. ვმუშაობდი მაკდონალდში, ერთერთ რესტორანში მიმტანად, მაღაზიის კონსულტანტად. ძალიან ვიღლებოდი, დროც არ მრჩებოდა; თუმცა, მთავარია მონდომება. რთული სამუშაო დღის ბოლოს, სახლში წასვლამდე 1-2 საათით (რამდენზეც ფული მყოფნიდა) შევდიოდი ინტერნეტ კაფეში და ვკითხულობდი სხვადასხვა ფორუმებს ფოტოგრაფიაზე, თეორია ასე ვისწავლე, დანარჩენი ყველაფერი პრაქტიკაა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა მაშინ, როდესაც საქართველოს გაეროს ასოციაციში, კერძოდ – საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა civil.ge-ში დავიწყე სტაჟირების გავლა ფოტოჟურნალისტის მიმართულებით და დღემდე (უკვე თითქმის 13 წელი) ვმუშაობ აქ. დღეს, პროფესიონალურ დონეზე ვარ ფოტოგრაფიაში ჩართული და, როგორც უკვე ვახსენე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საკუთარ მიზნებზე უარი არ ვთქვი და ბოლომდე მივიყვანე ის, რაც ასე მინდოდა – ხელოვნების სფეროში მუშაობა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: