ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნულიცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. გორგოძის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შავსო.

„მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს, რომ 3 აპრილის 18:00 საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს, რადგან ამ დროიდან მათ აღარ შეეძლებათ დარეგისტრირება. თუ ვერ გაივლიან ამ დრომდე რეგისტრაციას, ისინი შემდეგ ეტაპებზე ვეღარ გადავლენ. შემდეგი ეტაპი არის 7 მაისის 18:00 საათი, 7 მაისისთვის აბიტურიენტებს შეუძლიათ დაამატონ საგნები, რომლის ჩაბარებაც უნდათ. 3 აპრილამდე აბიტურიენტებს 1 საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული, რომ გაიარონ რეგისტრაცია და 7 მაისამდე დანარჩენი საგნებიც შეუძლიათ აირჩიონ ან შეცვალონ საგანი. მესამე ეტაპი აგვისტოშია, მაშინ, როცა უკვე გამოქვეყნებულია შედეგები და აპელაციების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მათ შეუძლიათ პროგრამებში ცვლილებების შეტანა”,- განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ხშირად დასმული კითხვები.

Please follow and like us: