ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ითვლებოდა, რომ ნარჩენი არის ყველაფერი ის, რასაც თითოეული ჩვენთაგანი აღარ ვიყენებთ ყოფაცხოვრებაში, აღარ გვჭირდება, აღარ ვარგა გამოსაყენებლად და რასაც, უბრალოდ ვყრით ან ვიშორებთ თავიდან. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, ვინაიდან წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა ნარჩენის სახით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს, ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს მდგომარეობას. ყოველწლიურად, მარტო ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით 2 მილიარდი ტონა ასეთი ტიპის ნარჩენი წარმოიქმნება და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ქვეყნები ამ პრობლემას ებრძვიან ნარჩენების წარმოქმნის შემცირებით, დახარისხებით, გადამუშავებით (ხელახალი გამოყენებით) და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით.
განსხვავებულია ნარჩენების მართვის პრაქტიკა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის, ურბანული და სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისათვის, ასევე საცხოვრებელი და ინდუსტრიული უბნებისათვის. დიდ დასახლებულ პუნქტებში არასახიფათო ნარჩენების მართვა ძირითადად ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების პრეროგატივაა, თუმცა კომერციული და ინდუსტრიული ნარჩენების “მოვლა-პატრონობა” ამ ნარჩენების მწარმოებლის პასუხისმგებლობაა. საქართველოში იმ აქტუალურ და მწვავე პრობლემებს შორის რომელიც გარემოსდაცვით სფეროშია, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარჩენების მართვის პრობლემას. უნდა აღინიშნოს, რომ 24 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება. ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე არ არსებობს ნარჩენების მართვის რეგიონული და ადგილობრივი გეგმები. დიდ ქალაქებში მეტნაკლებად მოგვარებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელებზე, ამ მხრივ სოფლებში ისევ მძიმე მდგომარეობაა. სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით მართალია ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის (მაგ. საკვების ნარჩენებს იყენებს შინაური პირუტყვის გამოსაკვებად, ნაკელს იყენებს სასუქად და ა.შ.) მაგრამ, იმ მცირედი ნარჩენის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებაც კი მოუგვარებელია. ამიტომ, ეს ნარჩენი საბოლოოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად კი ღელეებში, ხევებში და მდინარეებში აღმოჩნდება და მცირე “უკონტროლო ნაგავსაყრელებს” წარმოქმნის.
რა ემართება გარემოს თბილისში? როგორია დაბინძურების შედეგები თბილისის გარემოსა და თბილისელებისთვის? ამ სფეროებში ბევრ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი ჯერაც არ არსებობს, რადგან თბილისის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვება ფრაგმენტულად ხდებოდა და სახელმწიფო რესურსების სიმცირის გამო, დღესაც ასე გრძელდება.
1. საბჭოთა კავშირიდან, არ არსებობს ისტორიული სტატისტიკა ნარჩენების დაგროვების შესახებ. ბოლო წლებში კი თბილისში საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა.
2. 2006 წლიდან თბილისის მთავრობამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მიმართულებით მუშაობა დაიწყო. 2009 წელს, კორპუსებში ჩამონტაჟებული ბუნკერები – მღრღნელებისა და მწერების წყარო – გაუქმდა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა კორპუსის ბუნკერებიდან ქუჩის კონტეინერებში გადაინაცვლა. 2010 წელს კი აშენდა თანამედროვე სანიტარიული ნაგავსაყრელი და დაიხურა გლდანისა და იაღლუჯას ნაგავსაყრელები.
3. დღეს თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს. ქალაქში ჰაერის ხარისხი მხოლოდ სამ ადგილას იზომება: აღმაშენებლის, წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე. სამი სადამკვირვებლო სადგური კი საკმარისი არაა თბილისის ჰაერის მდგომარეობაზე სრული სურათის შესაქმნელად.
4. გარდა ამისა, ორგანული მასალების ბუნებრივი ხრწნის გამო, ნაგავსაყრელები მეთანსა და ნახშირჟანგს გამოყოფენ. ეს აირები კი სათბურის ეფექტის მქონე გაზებია: როგორც კლიმატოლოგებს სჯერათ, კლიმატის ცვლილების გამომწვევი გაზები. ყველა ამ ქიმიური ნაერთის ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემას იწვევს. რაც უფრო მცირეა მყარი ნაწილაკი, ანუ მტვერი, მით უფრო ღრმად იჭრება ის ადამიანის ორგანოებში. ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას, მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. გოგირდის ორჟანგი კი ზედა სასუნთქ გზებს აღიზიანებს.
5. რა ვუყოთ ნაგავს? ნარჩენების გადამუშავება და სეპარაცია საქართველოში ნაკლებადაა დანერგილი და უმრავლესობამ არც კი იცის, თბილისის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება.
6. 2014 წელს დამტკიცდა საქართველოს კანონი – ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. კოდექსის თანახმად, 2019 წლიდან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება
7. რატომ უნდა დავახარისხოთ ნარჩენი?
- სეპარაცია ამცირებს ნაგავსაყრელების რაოდენობასა და მათ უარყოფით გავლენას ეკოლოგიაზე; შესაბამისად – თითოეული ჩვენგანის საცხოვრებელ გარემოზეც.
- ნარჩენების აუთვისებლობა და გადაუმუშავებლობა ზრდის საარსებო გარემოს დაბინძურებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
- ნარჩენების დახარისხებითა და გადამუშავებით იზოგება ბუნებრივი რესურსი და გამომუშავდება ახალი პროდუქცია.
- იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ავტორი : ნინი ჭრიკიშვილი