ისტორია ყველას საკუთარი აქვს. რა პროფესიისა და ინტერესებისაც უნდა იყოს ადამიანი, მის საქმიანობასა და სურვილებს ყოველთვის აქვს საწყისი. ბევრი ამბავი განსხვავებულია, ბევრი წააგავს ერთმანეთს. ყველას არ გამოსდის, ბოლომდე მიჰყვეს საკუთარ მიზნებს და ოცნებები რეალობად აქციოს. დღეს ეკა ტყემალაძეზე გიამბობთ. მართალია, მის გარდა სხვების ხატავენ, მაგრამ მისი ნამუშევრები განსხვავებულია. ნახატებს თავად შეაფასებთ, იმის შესახებ კი, თუ როგორ იპოვა საკუთარი პროფესია და საკუთარი თავი ამ პროფესიაში, ეკა თავად მოგვიყვება:

მარტოხელა დედამ გამზარდა, აგრონომი იყო და, მოგეხსენებათ, სახელმწიფო სამსახურში რა ხელფასები იყო 90-ან წლებში. ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვეობდით, დედამ, 4 წელს, სამეჯლისო ცეკვებზე მატარა, ფილარმონიაში 4ჯერ მქონდა კონცერტი. გაძვირდა ყოველთვიური გადასახადი და გამოვედი. შემდეგ, მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა და 4 წელ ვიარე. ზურგის პრობლემა მქონდა და, ამ 4 წლის განმავლობაში, მახსოვს, ვტიროდი და ისე ვუკრავდი, ძალიან მტკიოდა ზურგი. დედის თხოვნით, კბილის ტეხნიკუმი დავამთავრე. პროფესიით კბილის ტეხნიკი ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა დავამთავრე კოლეჯი და ცხელცხელი დიპლომით სამსახურს ვეძებდი, მაგრამ არავინ მიმიღო, რადგან გამოცდილება არ მქონდა მუშაობის. არადა, გამოცდილება საიდან? როცაგუშინავიღე დიპლომი. მახსოვს, კეკელიძეზე მივედი პოლიკლინიკაში და ვთხოვდი, მივეღე პრაკტიკანტად, უფასოდ ვიმუშავებდი,  მაგრამ 4000 ლარი მოიტანეო და დაიწყეო, მითხრეს. აბა, 17 წლის გოგოს საიდან ამდენი ფული?

ისრაელში როცა გადავედი საცხოვრებლად, იქ გავაგრძელე ჩემი პროფესიით სამუშაოს ძებნა და ვიპოვე ადგილი, სადაც ამიყვანეს პრაკტიკანტად. მაგრამ, როცა მოდიოდნენ მოხუცები და მიწევდა მათ პირის ღრუში ანაბეჭდების აღებასაბოლოოდ, მივხდი, რომ ეს არ იყო ჩემი საყვარელი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება ძალიან კარგი იყო. მივიჩნევ, რომ ფულის გამო როცა მუშაობ და არ გიყვარს შენი საქმე, დიდხანს მაინც ვერ დარჩები კმაყოფილი. მერე მოვინდომე, მესწავლა არქიტექტურაზე და შევიტანე საბუთები. ეს ყველაფერი ისრაელში ხდება. ძალიან მოეწონათ ჩემი დავალება. 6 მეტრის სიშორეზე დადეს ყუთები და უნდა დაგვეხატა. ამ გარდა, გამოცდები იყო მათემატიკაში და უნდა ამოგვეცნო მსოფლიოში ყველაზე საინტერესო არქიტექტორების შედევრები და ყველა გამოვიცანი, ყუთებიც ძალიან კარგად დავხატე და მათემატიკაში ჩავიჭერი. ამას მოველოდი ჩემგან, რადგან მათემატიკა არასდროს იყო ჩემი სფერო.  მითხრეს, აი, მარტო ამ ყუთების დახატვის გამო მიგიღებდითო მაგრამ მათემატიკის გარეშე ეს საქმე ვერ გამოვაო. მოკლედ, არც აქ გამიმართლა, მარამ ყურები არ ჩამომიყრია. თელ ავივში შევიტანე საბუთები ანიმაცია მულტიმედიის კურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის ჩასული ვიყავი  ისრაელშ, ენის ბარიერი მქონდა და ძალიან მიჭირდა, გამეგო გაკვეთილი.  მახსოვს, მასწავლებელი ყვებოდა გაკვეთილს და ვერაფერი გავიგე, თვალები ამიცრემლდა,  გავბრაზდი ჩემს თავზე, რომ ვერაფერი გავიგე და გამოვედი, გაკვეთილიდან სახლში წავედი. საბოლოოდ,  100 ქულიდან 80 მივიღე და  საერთაშორისო დიპლომიც ავიღე. ამ კურსების დამთავრების შემდეგ, სამსახურს ვეძებდი , რა თქმა უნდა, აქაც არ მიმიღეს, რადგან გამოცდილება არ მქონდა. საერთოდ, ვერ ვხდები, რატომ ხდება სე როცა სწავლას ამთავრებ, გინდა სამსახურის დაწყება და არ გღებულობენ გამოუცდელობის გამო. პროფესიით ხომ არ ვიბადებით…?

როდის დაიწყო შენი, როგორც მხატვრის კარიერა?

2015 წელს, ისრაელში, დავიწყე ხატვა .არც არაფერს მოველოდებოდი ჩემი ნახატებისგან და არც არასოდეს მიფიქრია, რომ მე მხატვარი გავხდებოდი და გამოფენებში მივიღებდი მონაწილეობას. უბრალოდ, ჩემთვის დავიწყე ხატვა. ერთი-ორი ნახატი სოც.ქსელში დავდე და მეორე დღესვე მიმიწვიეს ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. ახლაც მახსოვს ის რეაქცია, რაც მე მქონდა. ეს საოცარი, ენითაღუწერელი სიხარული იყო.

როგორია შენთვის კომფორტული გარემო ხატვისთვის?

გერმანიაში დიდ ტილოებზე ვხატავდი. საქართველოში, რადგან არ მაქვს სივრცე, პატარა ტილოებზე მიწევს ხატვა, რაც, სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე სასიამოვნოა ჩემთვის, რადგან მინდოდა, 3 მ. სიმაღლეზეც მეხატა და უფრო მეტზეც. მაგრამ, ოდესმე, ამის დროც მოვა, ვიმედოვნებ. მიყვარს, როცა მარტო ვარ ჩემს ტილოსა და ფუნჯებთან ერთად, მაგრამ არც ეგ გამაჩნია, რადგან არ მაქვს საკუთარი სტუდიო და ვცხოვრობ პატარა სახლში  დედასთან ერთად.

შენს ნამუშევრებს მსოფლიოს სამი კონტინენტი იცნობს. რომლებია ეს ქვეყნები?

გამოფენები მქონდა ისრაელში, გერმანიაში, ნიუ იორკში, საქართველოსა და იტალიაში. ზოგიერთ ქვეყანაში ორჯერაც მქონია, ზოგან – სამჯერ.

საქართველოში რა წარმატებებისთვის მიგიღწევია?

საქართველოში ძალიან კარგი მეგობრები მყავს და ძალიან დიდი როლი უჭირავთ მათ ჩემს წარმატებებში. ყოველთვის მეხმარებიან გამოფენებზე და გვერდით მიდგანან, რაც ძალიან დასაფასებელია და მეამაყება, რომ საუკეთესო ადამიანები ჩემთან არიან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

ჩემი დიდი წარმატება ისაა, რომ მომდის ბევრი წერილი ჩემი ხელოვნების თაყვანისმცემლებისგან და მწერენ, თუ როგორ მოწონთ ჩემი ხელოვნება  და მავსებენ თბილი სიტყვებით. ამაზე დიდი წარმატება რა უნდა იყოს ჩემთვის?

რას მიიჩნევს შენს საქმიანობაში ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად?

ამ ეტაპზე, ჩემი პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება მეტი ვხატო და ვაკეთო გამოფენები, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, რადგან, ხატვის გარდა, ვმუშაობ და ვერ ვინაწილებ დროს ორივე საქმისთვის. მაგრამ ამის დრო მოვა, ეს ზუსტად ვიცი, როცა, მხოლოდდამხოლოდ, დავხატავ.

საკუთარი სტუდიო არ მაქვს, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა – ალბათ, ერთადერთი ოცნება, რომელიც ვერადავერ ახდა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: