ომბუდსმენის ახალ საპარლამენტო ანგარიშში ნათქვამია, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის აკრძალვის მიუხედავად, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

სახალხო დამცველის შესწავლილ საქმეებში, პრობლემად გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულება. ეს მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სრულწლოვნისთვის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო.

ანგარიშის მიხედვით, შესწავლილმა საქმეებმა აჩვენა, რომ პრობლემაა სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა. სოციალური სააგენტოს ცნობით, 2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა შეისწავლეს, მაშინ როდესაც განათლების სამინისტროს წერილით, ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში კვლავ გადაუჭრელია გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. საქმეების შესწავლის შედეგად ჩანს, რომ ეთნიკური უმცირესობის შემთხვევაში, ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება. ანგარიშშ ნათქვამია ისიც, რომ ზოგიერთი გოგო სკოლას სწორედ მოტაცების შიშის გამო ტოვებს.

სახალხო დამცველის ცნობით, ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150¹ მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

Please follow and like us: