ზოგს მთა ურჩევნია, ზოგს – ბარი; ზოგს ქალაქი ურჩევნია, ზოგს – სოფელი. მოკლედ, ასეთ საკითხებზე არ დაობენ. საქართველო იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილობრივებმა ნებისმიერი სურვილი აისრულონ – ერთ დღეს მთაში იყვნენ, მეორე დღეს – ბარში; ერთ დღეს ქალაქში იყვნენ, მეორე დღეს – სოფელში. ცხადია, განსხვავება ბევრი არსებობს. სწორედ ამ განსხვავებების შესახებ სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივები უკეთ მოგვიყვებიან.

ნინი მოსიაშვილი კახეთიდანაა, უფრო ზუსტად კი – თელავიდან:

„ამ უმშვენიერესი კუთხიდან იწყება ჩემთვის სამშობლოს სიყვარული და, რამდენი წელიც უნდა ვიცხოვრო სხვაგან, მაინც თელაველად მივიჩნევ თავს. ამჟამად, ჩემი საცხოვრებელი დედაქალაქია – მიყვარს თბილისი, თუმცა, ბევრი რამ მენატრება კახეთიდან“.

რას ისურვებდი თბილისისთვის ისეთს, რაც შენი რეგიონისთვის არის დამახასიათებელი?

ყველაზე მეტად, ალბათ, ბუნება და სიმწვანე მაკლია. თელავი საქართველოში ყველაზე სუფთა ქალაქია ეკოლოგიურად, თბილისის მდგომარეობა კი სავალალოა, ამ კუთხით. ჩემს მშობლიურ ქალაქს ყველა მხრიდან ტყე აკრავს – შუამთიდან მობერილი ნიავიდან დაწყებული გიგოს გორის წიწვნარით დამთავრებული – ყველაფერი მის სუფთა ჰაერზე აისახება. თბილისი ისეა გადატვირთული საცხოვრებელი სახლებით, სასტუმროებით, ავტომობილებით და ისე დიდდება მისი დასახლება, რომ მცენარეებისთვის ადგილი კლებულობს, ხეები იჭრება და დარჩენილი პარკები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ფილტვებისთვის სასარგებლო ჰაერს.

როგორ მიგაჩნია, რა არის იმისთვის საჭირო, რომ დედაქალაქი უკეთესი იყოს?

ვფიქრობ, დედაქალაქი ბევრად უკეთესი იქნებოდა, სახიფათო რომ არ იყოს აქ სუნთქვა და ისეთივე სუფთა გარემო იყოს, როგორც კახეთშია.

ადამიანებში თბილისში და ადამიანები კახეთში…

თელავი ცნობილია, როგორც კულტურული ქალაქი. ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს. მეცინება, როცა მეკითხებიან, თელავში კაფე და მაღაზიები თუ გვაქვს, მაგრამ მიხარია სასიამოვნოდ გაკვირვებული სახეების დანახვა ჩემი ქალაქის პირველად დათვალიერებისას. ძალიან მეამაყება თელავის თეატრალური ცხოვრება. აქ ხალხს ძალიან უყვარს სპექტაკლებზე სიარული და ჩვენს დასს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. თელავი ისეთი ქალაქია, სადაც ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები და მათ ხშირად ვხედავთ დაწესებულებათა სათავეებში – მაგალითად უნივერსიტეტის რექტორებად, გაზეთების რედაქტორებად, სკოლების დირექტორებად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებად და ეს ძალიან საამაყო ფაქტია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი პატარა ქალაქში უკეთ ჩანს, ვიდრე – დედაქალაქში.

მომდევნო რეგიონის წარმომადგენელი, გივი ბერაძე იმერეთიდან, ბაღდათიდანაა.

რას შევმატებდი თბილისს ჩემი რაიონიდან ?

„ეს სტუმარ-მასპინძლობა და სითბო, უბრალოდ, იმიტომ ვერ “დაემატება” თბილისს, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს, დაღლილს, მოსვენების მეტი არაფერი გინდა“.

„მე ვცხოვრობ რაიონში (ბაღდათში), რომელიც დიდი ხანია, იკვეხნის საირმისა და ზეკრის წყლებით, თავისი მთა-ბარის ფლორით, ფაუნით, ჰაერით და სწორედ იმ ჰაერით, რომელსაც თბილისში ”დავამატებდი”. ბაღდათში დილით რომ იღვიძებ, ჰაერს ჩაისუნთქავ, გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. ბუნებაში რომ იგრძნობა გვირილების, ნაძვის, ფიჭვისა და ”სიცოცხლის სურნელი”, აი, მაგის დამატება შეიძლება თბილისში, ქალაქში – სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი პიკს აღწევს. ისე, გარდა ჰაერისა, წყლის დამატებაც შეიძლება. მაგრამ, არა, ეს წყალი ბაღდათის ექსკლუზივიაა!

ხალხისთვის დამახასიათებელი სითბო, გულღიაობა და სტუმარ-მასპინძლობაც შეიძლება, დაემატოს თბილისს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება, რადგან თვითონ ცხოვრების სპეციფიკაა სხვადასხვაა – თბილისში რუტინაა, ყოველდღიური სამსახური, გადარბენა, მოძრაობა, ყველაფერი წუთებზეა გათვლილი და ჩვენთან, რაიონში, რაც არის სისხლში, ეს სტუმარ-მასპინძლობა და სითბო, უბრალოდ, იმიტომ ვერ “დაემატება” თბილისს, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს, დაღლილს, მოსვენების მეტი არაფერი გინდა. ბოდიში და, როგორც იმერეთში იტყვიან, „არავის თავი არ გაქვს, არც სტუმრის და არც გამვლელის“. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ რაიონში უსაქმურად ვართ, უბრალოდ, აქ სოფლიოს მეურნეობა, მეცხოველეობა, ვაჭრობა, ან, თუნდაც, სხვა განვითარებული დასაქმების სფერო ნაკლებ ემოციებს მოითხოვს და ნაკლებად გფიტავს ადამიანს გრძნობებისგან, ვიდრე მილიონიან მეგაპოლისში სტრესულ გარემოში, რუტინაში, მომსახურეობის სფეროში და, ზოგჯერ, რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობა“.

მონიკა გაბელაია სამეგრელოს წარმოადგენს. როგორც ის ამბობს, თბილისელი ადამიანების ხასიათსა და განწყობაში შესაცვლელი და „გამოსასწორებელი“ არაფერია. „განსხვავება ისაა, რომ აქ უფრო მეტად გიცნობენ და გცნობენ. „მე კიდევ მომწონს, როდესაც თბილისში მაგრამ „კიდიათ“ შენი ცხოვრება”.

რა აკლია დედაქალაქს?

თბილისს დავამატებდი, ალბათ, მეტ სიმწვანეს, რაც სამეგრელოს ყველა ქალაქში თვალშისაცემია. შევცვლიდი ქალაქის დაგეგმარებას. სამეგრელოს ქალაქები ძალიან კარგად არის დაგეგმარებული, მაგალითად – ფოთი – ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, მას პარიზის მსგავსი გეგმარება აქვს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: