გამოთქმა „ ორ ცეცხლ შუა ვარ აღმოჩენილიო“ ისე კარგად არაფერს მიემართება, როგორც პოლიტიკურ რეალობას ჩვენს ქვეყანაში. ათობით დარეგისტრირებული ოფიციალური თუ არაოფიციალური პარტია და მათი შემომწირველების ნაცნობ-უცნობთა სია, რადიკალური სხვაობები პოლიტიკოსების იდეოლოგიასა და ამოცანებს შორის, ორად, სამად და ზოგჯერ უფრო მეტად გაყოფილი საზოგადოება და დემოკრატია, რომელსაც საფრთხე უკვე წლებია ემუქრება. იმ დემოკრატიას, რომლის დამკვიდრებასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, ადგილობრივი „მტერი „ აყენებს ყველაზე ძლიერ დარტყმას. პოლიტიკური პოლარიზაციის უკიდურესი ფორმა- დიაგნოზი საქართველოში პოლიტიკურ მდგომარეობას რამდენიმე ადგილობრივმა და საერთაშორისო კვლევამ უკვე დაუსვა.

როგორია სიმპტომები და რაში გამოიხატება საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ?
ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტების თანახმად პოლარიზაცია არის მაჩვენებელი, რომლითაც ფასდება პოლიტიკურ მოთამაშებს შორის არსებული იდეოლოგიური/ღირებულებითი განსხვავებულობის და პრინციპული შეუსაბამობის დონე. თუ პოლიტიკური მოთამაშეების იდეოლოგიური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ პარტიული სისტემა მაღალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება. მსგავს სისტემებში გართულებულია პარტიათაშორისი თანამშრომლობა. შესაბამისად, ასეთი სისტემები არასტაბილურია და „რისკის“ მატარებლად მიიჩნევა

როგორია ჩვენი მდგომარეობა ამ კუთხით და ამ სენის რა სტადიაზე იმყოფება საქართველო ?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და DEMOCRACY REPORTING INTERNATIONAL-ის მიერ 2017 წლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის შესავალში ვკითხულობთ : „საქართველო ერთერთი ყველაზე პოლარიზებული დემოკრატიაა ევროპაში.“

ანგარიშში განხილულია პოლიტიკური პოლარიზაციის უარყოფითი შედეგები და ის ზიანი, რასაც მსგავსი პროცესები აყენებს ქვეყნის დემოკრატიას. ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საგულისხმოა ჩვენი მოსახლეობისთვის, არის პოლიტიკური პოლარიზაციით გამოწვეული პოლიტიკური პროცესის უფუნქციობა და წესების რეგულარული ცვლილება . ქვეყანაში, რომლის მოსახლეობასაც უკვე წლებია აწუხებს მძიმე ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემები, პოლიტიკის უფუნქციობა და მისი არაეფექტურობა ამ პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თავის მხრივ ამ პოლიტიკის გაუმართაობას და მის უშედეგობას იწვევს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩვენს ქვეყანაში ასპარეზზე ორ მთავარ მოთამაშედ „ქართული ოცნებისა „ და „ნაციონალური მოძრაობის„ პარტიები გვევლინება. არჩევნებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს სწორედ ამ ორ ცეცხლს შუა იწვის ქართველი კაცის გონება, მისი არჩევანი და ნება თავისუფალი. და როგორც ბაზრის პრინციპითაა ცნობილი, რაც უფრო მცირეა არჩევანი, მით უფრო დიდია შანსი შეცდომის დაშვებისა და არასწორი გზის არჩევისა.

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის კვლევითი დოკუმენტი, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის მავნებლობას სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაზე. „საქართველოში საკმაოდ არასტაბილური და ნაკლებად ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემაა, სადაც პარტიული კონკურენცია არამდგრადი და არაგანგრძობითია, პარტიებს საკმაოდ სუსტი ფესვები აქვთ საზოგადოებაში, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ დგება პარტიების ლეგიტიმურობის საკითხი და პარტიული ორგანიზაციები ლიდერებზე არიან დამოკიდებულნი.“

როგორია მკურნალობის გზები და რეცეპტი პრობლემის გამოსასწორებლად ?

პოლიტიკური პოლარიზაცია, როგორც დემოკრატიის საფრთხე და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების მთავარი საფუძველი- ამ კუთხით შეაფასა პოლარიზაციის უკიდურესი ფორმა დემოკრატიული გაძლიერების ცენტის თავმჯდომარე ნიკა ფარცვანიამ. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

-თქვენი აზრით, არის თუ არა უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია დღეს ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები ?

დიახ, არის .გამომწვევი მიზეზი არის საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურა. ჩვენთან პოლიტიკური პარტიებისათვის პოლარიზებული სივრცის შექმნა და არჩვენებისას ყურადღების გამახვილება არა საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებზე, არამედ პიროვნებებსა და შუღლის გაღვივებაზე, ბევრად უფრო სარფიანი და მომგებიანია. აღნიშნული ერთის მხრივ განპირობებულია პოლიტიკური პარტიების მანიპულირებით, თუმცა უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურა. ეს ხერხი არაერთჯერ ნაცადია პარტიების მიერ და მისი ეფექტურობა არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, თუ გვსურს მეტი დემოკრატიული არჩევნების გამართვა უპირველეს ყოვლისა საზოგადოების პოლიტიკური კულტურა უნდა ამაღლდეს და პოლიტიკური პარტიები ვაიძულოთ თავიანთი საარჩევნო კამპანია წარმართონ დასავლურ სტილში.

-იმ ბევრ საფრთხეთა შორის, რომელიც თან ახლავს პოლიტიკურ პოლარიზაციას, ერთერთი არის პოლიტიკის შექმნის უფუნქციობა და ასევე კანონმდებლობის რეგულარული ცვლილება . რადგან გამარჯვებული იღებს ყველაფერს მისი ქმედებები კი უკონტროლოა. რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მიზეზად სწორედ პოლიტიკური პოლარიზაცია და მისი მაღალი დონე ?

პოლარიზაციის მაღალი დონის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს დაბალი პოლიტიკური კულტურა, თავის მხრივ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამომწვევი ფაქტორებია: საბჭოური მენტალობის გავლენა და პოსტსაბჭოური ეკონომიკური პრობლემები. საზოგადოება არის იმედგაცრუებული რეფორმებითა და დემოკრატიზაციის პროცესით, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად და შესამჩნევლად გაუმჯობესება.

ნათელია, რომ დაბალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე საზოგადოება ნაკლებად არის მოწადინებული იყოს აქტიურად ჩართული სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში და მიიღოს ქვეყნის მართვაში თანამონაწილეობა, საშუალო კლასის არარსებობა კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას და უფუნქციოს ქმნის დღევანდელი მინიმალისტური დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემას, რომელიც არსებობს საქართველოში. ნათელია, რომ დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებებისადმი რწმენის გასაზრდელად უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი ხელს უწყობს მორჩილებითი პოლიტიკური კულტურის არსებობას, საზოგადოების მაღალ პოლარიზებასა და ნიჰილისტური განწყობის ფორმირებას.

-DEMOCRACY REPORTING INTERNATIONAL -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დებატები უმეტესად პიროვნული დაპირსიპირებების ფონზე მიმდინარეობს, რაც მიზნად მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ისახავს . რას ფიქრობთ ამაზე, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს ?

უდავოა, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავაც გააგრძლებენ პიროვნებათა შორის დაპირისპირების ფაქტორის წინ წამოწევას, შუღლისა და ზიზღის რიტორიკას. აღნიშნული მეთოდი არის საკმაოდ ეფექტური არჩევნების პერიოდში, მისი შესუსტება კი შესაძლებელია საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებით, უნდა გაქრეს მოთხოვნა „სანახაობაზე“ და გაჩნდეს მოთხოვნა რეალურ პოლიტიკურ გეგმებზე ქვეყნის უკიდურესად პრობლემური მდგომარეობიდან გამოყვანის შესახებ. შეუძლებელია ვისაუბროთ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესზე და ამავედროულად არ ვისაუბროთ რეფორმებზე , სამთავრობო პროგრამებზე და ა.შ. არ უნდა გვქონდეს განცდა რომ პოლიტიკური პარტიები შეცვლიან სამოქმედო გეგმებს და წარმართავენს თავიანთ სააარჩევნო კამპანიებს სხვაგვარად, თუ ამისკენ მათ არ უბიძგებს საზოგადოება.
-კავშირი პოლიტიკურ პოლარიზაციასა და არჩევნების პროცესს შორის საკმაოდ დიდია . უკანასკნელი არჩევნები რომ შეაფასოთ, როგორი გავლენა მოახდინა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ?
საპრეზიდენტო არჩევნებმა გვანახა თუ რა მაშტაბით შეიძლება სიძულვილის ენის გამოყენება, თუმცა პოლარიზაციის მაღალი დონის მაჩვენებლისათვის უფრო გამოგვადგება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევდა რომ ჩვენ მივიღებდით მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელშიც არათა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ უმრავლესობის ჩამოყალიბებაც კი რთული იქნებოდა კონსესუსისა და თანამშრომლობის გარეშე. თუმცა რეალობა ასეთი არ აღმოჩნდა, საზოგადოებამ აჩვენა პოლარიზაციის მაღალი დონე, რისი შედეგიც დღევანდელი პარლამენტი და ძალთა გადანაწილების დონეა.
აღნიშნული გამოწვევულია ასევე დაბალი პოლიტიკური კულტურით, საზოგადოება არჩევნას აკეთებს არა იმის მიხედვით თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგას უფრო ახლოს იგი იდეურად, არამედ იმით თუ რომელ პარტიას აქვს გამარჯვების შანსი, ყველას სურს იყოს გამარჯვებულის მხარეს და იყოს გამარჯვებული.

– პოლიტიკური პოლარიზაციის გავლენა ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე არც ისე სახარბიელოა. რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური გარემოს დასაბალანსებლად და პარტიებს შორის ძალების გადასანაწილებლად, რათა უკიდურესმა პოლარიზაციამ ფუნქციურ უმოქმედობას არ შეუწყოს ხელი ?

დავივიწყოთ მთავრობა და არ გვქონდეს იმედი, რომ იგი რამეს შეცვლის. იდეები და რეფორმები დემოკრატიულ საზოგადოებაში მოდის ქვემოდან , თუ გვსურს მეტი დემოკრატია, ის უნდა მოვითხოვოთ და ვიბრძოლოთ მეტი თავისუფლებისათვის. უნდა გაიზარდოს საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და საზოგადოება მეტად ჩაერთოს მართვის პროცესში.“
და მანამ სანამ მრავალსაუკუნოვან რიტორიკულ კითხვას „ გვეშველება რამე ? „ გაეცემა პასუხი, ჩვენ ვდგავართ უფსკრულის პირას და კვლავაც ვიწვით ორ ცეცხლშუა, ისე რომ, ყველა შემთხვევაში დაწვა და დაზიანება გარდაუვალი იქნება ჩვენთვის…

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: