ისტორია ყველას საკუთარი აქვს. რა პროფესიისა და ინტერესებისაც უნდა იყოს ადამიანი, მის საქმიანობასა და სურვილებს ყოველთვის აქვს საწყისი. ბევრი ამბავი განსხვავებულია, ბევრი წააგავს ერთმანეთს. ყველას არ გამოსდის, ბოლომდე მიჰყვეს საკუთარ მიზნებს და ოცნებები რეალობად აქციოს. დღეს თეა ცისკარაშვილზე გიამბობთ, გოგონაზე რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი აღმოაჩინა და მიზნისთვის ბრძოლაში თავს არ ზოგავს, მუდმივი შემოქმედებისა და ბრძოლის გზაზე წარმატებაც არ იგვიანებს.

მოგესალმებით, ავდაპირველად მოგვიყევით თქვენ შესახებ?

პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის. მე ვარ, პროფესიით სამართალმცოდნე იურისტი. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში აუდიტორად.

რა არის თქვენი ინსპირაცია და რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ერთი სიტყვა, ერთი ფრაზა, ერთი კადრი… “ვიკვებებიყველაფრისგან, რაც თვალს, გულს და გონებას ახარებს, რაც სულიერად მამსუბუქებს. სილამაზესვაღმერთებყველანაირ  გამოხატულებაში;  თუმცა მხოლოდჰაერში მოფარფატე პეპლებიდანარ მოდის მუზა, შეიძლება ვიღაც, ან რაღაც ძალიან მეტკინოს და ეს გახდეს ჩემი ინსპირაცია. მაგალითად, სერიული ნახატები, სადაც თეთრ სამოსიანი ბავშვები არიან გამოსახულნი, ეხმიანება “გაუჩინარებული გოგონები”-ს თემას (გენდერციდი)… რას ვგრძნობ შემოქმედებით პროცესში? – ხან ვფიქრობ, როგორ ვცხოვრობდი მაშინ, როცა არ ვხატავდი. ეს პროცესი არასოდეს არ მინდა დასრულდეს. მადლიერი ვარ ღმერთმა ეს უნარი და მისი განვითარების შესაძლებლობა რომ მიბოძა.

თუ გაქვთ ამ კუთხით პროფესიული განათლება?

 თვითნასწავლი ვარ, ხატვის კუთხით პროფესიული განათლება არ მაქვს. თუმცა წარმოსახვა, ფანტაზია და შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, რაც მუდმივად სხვადასხვა სახით იყო გამოხატული. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, დღეს ბევრი საშუალებაა ინტერნეტით მოიძიო ინფორმაცია;  გამოსახულების შექმნა კი (ჩემს შემთხვევაში) შინაგანი, სულიერი მდგომარეობიდან წამოსული პროცესია; რაც მეტად ეცნობი უფრო გიზიდავს და არ გინდა გაჩერება.

რა დაპრკოლებები შეგხვდათ წარმატების გზაზე და რამდნად კარგად გაართვით მათ თავი?

 დაბრკოლებებს ვერ ვიხსენებ, ალბათ არც შემხვედრია, ან თუ შემხვდა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მასზე ფოკუსირება არ მომიხდენია. ჩემთვის შემოქმედებითი  პროცესი ყველაზე დადებითი, მშვენიერი და სასიამოვნო მოვლენაა. არ არსებობს ალბათ დაბრკოლება, რასაც ადამიანი ვერ გადალახავს. მთავარი მოვლენების მიმართ მიდგომა და მათი აღქმაა. როგორც ხედავ ისე განიცდი, ისე გრძნობ და ისე იღებ მათ. შესაბამისად გზებიც ამის მიხედვით ჩნდება. ვცდილობ ყველა ეტაპი, რაც ჩემს ცხოვრებაში დგება, ჩემსავე სასიკეთოდ და განსავითარებლად გამოვიყენო.

თქვენი წარმატებების შესახებ მოგვიყევით?

ერთი ადამიანის დადებითი ემოციაც კი, რომელსაც ჩემი შემოქმედების მიმართ განიცდის, ჩემთვის უკვე დიდი ბედნიერება და წარმატებაა. დღეისთვის 57 ნახატის ავტორი ვარ, აქედან ნახევარზე მეტი კერძო კოლექციებშია, ახალ მფლობელებთან. ეს არის ჩემთვის წარმატება. ერთერთ უცხოურ საიტზე იყიდება ჩემი ნახატების პრინტით გაფორმებული სხვადასხვა ნივთები; ზაფხულში, მაგალითად, ავსტრალიაში გაიყიდა „ბროწეული“ -ს ნახატით გაფორმებული მისალოცი ბარათები, სულ ცოტა ხნის წინ კი ჩანთების შეკვეთა გაფორმდა. ვფიქრობ ეს წარმატებაა, როცა შორეულ კონტინენტზე (და არა მხოლოდ) შენი სახელი იციან.  ნახატები (ორიგინალები) იყიდება ასევე ერთ უცხოურ არტ საიტზე, საიდანაც 2-ჯერ მივიღე შემოთავაზება მაშტაბურ გამოფენაში მონაწილეობის მიღების თაობაზე (აშშ, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია). სამწუხაროდ ვერ გავემგზავრე, თუმცა საქართველოში მექნება 18-21 ივლისს პერსონალური გამოფენა და ყველაფერი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.

გარდა ამ საქმიანობისა სხვა რითი ხართ დაინტერესებული?

გატაცებული ვარ სამხრეთ კორეით, დაინტერესებული ვარ მათი კულტურით, ტრადიციებით და საერთოდ ერით. ვსწავლობ კორეულ ენას და ნელ-ნელა ვიძენ კორეელ მეგობრებსაც. მაინტერესებს ასევე ფიზიკა და ფსიქოლოგია.

რამდენად მიაღწიეთ თქვენს დასახულ მიზანს და რას გეგმავთ მომავალში?

ერთ მიზანს რომ მიაღწევ, მეორე ჩნდება და ასე უსასრულოდ. ჩემთვის რაღაცის მიღწევა უბრალოდ წინ სვლისთვის მოტივაცია და ახალი ენერგიებით, ახალი იდეებით დამუხტვაა. მომავალი არ და ვერ წარმომიდგენია ხატვის გარეშე. მინდა ჩემს თავს და ადამიანებს მივანიჭო ესთეტიური სიამოვნება და მშვენიერი განწყობა. მე მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვინმესთვის სიხარული მომაქვს. მინდა  მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც გამოხატავენ და განიცდიან ჩემი შემოქმედების მიმართ.

Please follow and like us: