თბილისში, ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემქმნელთა მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ – ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა. როგორც „თბილისი თაიმსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფლის განვითარების კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია (2017-2020 წლები) შეიმუშავა და განხორციელება მიღებული გეგმის მიხედვით დაიწყო. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც იქნება უფრო გრძელვადიანი და იმ გამოცდილებას ასახავს, რაც ამ წლებში დაგვიგროვდა. სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს თანაბრად ყველასთვის, განვითარება იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს სოფლად მცხოვრები მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს ქალაქსა და სოფლად მცხოვრები მოსახლების ცხოვრების დონეებს შორის, ჩვენ ამ განსხვავების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი, მიწოდება, აგროტურიზმი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის განვითარების კონფერენცია ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.

„საქართველოს შეუძლია წარმატებით ისარგებლოს სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს სოფლის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განვითარებას“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, „სოფლის განვითარება ასობით ათას ადამიანს, მათ შორის შორეული და ნაკლებგანვითარებული რეგიონების მაცხოვრებლებს, პრაქტიკულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომელიც ხელს უწყობს მთავრობას პრიორიტეტების განსაზღვრაში, პოლიტიკის შემუშავებაში და მისი განხორციელების ქმედითი მექანიზმების შემოღებაში“,- განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

სოფლის განვითარების კონფერენციას ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები და ექსპერტები დაესწრნენ. მათ შორის, ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე მარკუს ჰოფნერი და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში ლასლო ვაჟდა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომლიც პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს შეეხო. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საქართველოში გამოყენებისა და ქართული რეალობისათვის ადაპტირების მნიშვნელობა და გზები.

Please follow and like us: