თაფლის ხარისხთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემა ფერმერების მხრიდან ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების პროცედურების არასწორად წარმართვაა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა.

მინისტრის მოადგილემ  ის მიზეზები განმარტა, რაც ევროკავშირის ბაზარზე ქართველი თაფლის ექსპორტს აფერხებს და ძირითად ფაქტორებად, თაფლის ერთგვაროვანი ხარისხი, რაოდენობა და მეფუტკრეების კომპეტენცია დაასახელა.

„პირველ რიგში, ესაა ერთგვაროვანი ხარისხი, მეორე ფაქტორია რაოდენობა. მოგეხსენებათ, ნებისმიერ სერიოზულ კომპანიას სურვილი აქვს, რომ დიდი ოდენობით და თანაბარი ხარისხის თაფლი გაიტანოს. სწორედ ესაა ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა.რაც შეეხება თაფლის ხარისხს, აქ ძირითადი პრობლემა ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების პროცედურების არასწორად წარმართვაა. მინდა ყველა ფერმერს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ სურსათის უვნებლობის არსებული სტანდარტები ,“ – განაცხადა წილოსანმა.

მინისტრის მოადგილე ფერმერთა ცოდნის ნაკლებობას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ წლებია ქართული თაფლის ექსპორტის შემაფერხებელ მიზეზებად ერთი და იგივე არგუმენტები სახელდება და თაფლის ხარისხის კუთხით არსებული პრობლემები ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა.

„მიუხედავად იმისა , რომ სამინისტრო აქტიურად ეწევა ცნობიერების ამაღლების კამპანიას, მათ შორის თაფლში ანტიბიოტიკების და სხვა ნარჩენების შემცირების კუთხით და პარტნიორებთან ერთად მუდმივად ხდება კომუნიკაცია ფერმერებთან, ჯერჯერობით მაინც კონსერვატიული მიდგომებია თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ფერმერები თანდათან გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რაც დადებითად აისახება თაფლის ხარისხზე,“ – განაცხადა წილოსანმა.

Please follow and like us: