მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული არაალკოჰოლური სასმელი-ჩაი აქტუალობას არასდროს კარგავს. საქართველოს დასავლეთ ნაწილში ჩაის პლანტაციებს წინათ უფრო ხშირად შეხვდებოდით, თუმცა ახლაც არაერთ სოფელში ნახავთ.  ზოგიერთი ისტორიული ცნობით, ჩაი საქართველოში პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც რუსმა დედოფალმა ეკატერინა მეორემ ქართველ მეფე ირაკლი მეორეს სამოვარი და ჩაის სერვისი აჩუქა. არსებობს ვარაუდი, რომ ჩაის პირველი ბუჩქი საქართველოში 208 წლის წინ თავად გურიელის ეზოში დაირგა (აქედან წამოვიდა ჩაის პოპულარული ქართული ბრენდის სახელწოდებაც). მაგრამ მას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა — ის უბრალოდ ბაღს ამშვენებდა. ხოლო ინდუსტრიალიზაციისათვის პირველი ჩაის ბუჩქები ჩინეთიდან ჩამოიტანეს. იმ დროიდან 170 წელი გავიდა, სწორედ იმ მომენტიდან აღინიშნება ქართული ჩაის დაბადებისდღე.
სსრკ-ის დროს ჩაის პლანტაციები საქართველოში 67 ათას ჰექტარს იკავებდა. დღეისათვის კი ქართული ჩაი მხოლოდ ორი ათას ჰექტარზე იზრდება.
2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1,400 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა და 1.3-ჯერ მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ყველაზე მეტად გაყიდვადია შავი ჩაი, შემდეგ – მწვანე ჩაი. ყველაზე მეტად იყიდება ერთჯერადი პაკეტის ჩაი, შემდეგ – დასაყენებელი. ჩნდება ქართული ბრენდები — „გურიელი“, „თერნალი“, „ქობულეთური ჩაი“, „შემოქმედი“, „ანასეული“, „ტყიბული“, რომლებიც ძალიან ხარისხიან ჩაის აწარმოებენ, მაგრამ ჯერჯერობით მცირე რაოდენობით.
ჩაის წარმოების კიდევ უფრო განვითარებისათვის საქართველოში დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. 2018 წლის მონაცემებით,   პროგრამის ფარგლებში, 23 აპრილს წალენჯიხის კომპანია „ლაზმა“ დაიწყო მაღალხარისხოვანი ჩაის შერჩევითი კრეფა. პირველ დღეს მოიკრიფა 200 კგ. უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთოლი. 1 კგ. ჩაის ფოთლის ღირებულება შეადგენს 6-12 ლარს.
დაახლოებით ერთნაირია ქართული და უცხოური მწარმოებლების რაოდენობები. უცხოელი მწარმოებლების ჩაი უფრო მეტ სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი, ვიდრე ქართული საწარმოების უმრავლესობისა. დღეისათვის ქართულ ჩაის პოპულარიზაცია სჭირდება. თავისი ხარისხითა და ფასით ქართული ჩაი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია. მთავარია, რასაც დღეისათვის მოითხოვს ქართული ჩაი — ეს არის ცნობადობა უცხოეთში.

საქართველო განთქმულია ღვინით, მინერალური წყლებით, ციტრუსებით, თუმცა ჩაი პერსპექტივაში ქვეყნის სავიზიტო ბარათად შეიძლება იქცეს, ამისათვის მას გარკვეული თვისებები გააჩნია. როდესაც მოთხოვნა გაიზრდება, წარმოებაც გაიზრდება, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკა ექსპორტის ხარჯზე გაიზრდება — ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რაც დაეხმარებოდა ევროპაში ქართული ჩაის წინსვლას. ქართული ჩაის პერსპექტივები და პოტენციალი უსაზღვროა,და ამით უნდა ვისარგებლოთ.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: