ასეა თუ ისე, საკუთარი ფავორიტი ადამიანი ყველა ჩვენგანს ჰყავს. ამ ადამიანებს, შეიძლება, ჩვენთვის მისაბაძები ვუწოდოთ, ჩვენთვის გამორჩეულები, ან, თუნდაც, ჩვენთვის საინტერესოები.
ქართველები დიდად ამაყობენ იმ პიროვნებებით, ვინც ჩვენს ქვეყანას შორეულ წარსულში, თუ უახლოეს წარსულში ჰყავდა. დღეს ბევრი ჩივის, რომ წარსულში უფრო მეტი გამორჩეული ადამიანი გვყავდა, დღეს კი – ნაკლებად. თბილისის მოქალაქეებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ ის ასევე თბილისელი ადამიანები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებუალდ საინტერესოები არიან. როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი საკმაოდ რთული ყოფილა. არაერთს გაუჭირდა პასუხის გაცემა მხოლოდ თბილისის მასშტაბით და პასუხებმა მთლიანი საქართველოს კი მოიცვა.
ვინ არის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო თბილისელი?
ს.გ – „საინტერესო თბილისელად ნათია ფანჯიკიძეს მივიჩნევ – რაციონალურობისა და გაწონასწორებული დამოკიდებულებისთვის თბილისის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ“.
როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე გამოკითხულმა კითხვას საქართველოს მასშტაბით უპასუხა. გიორგი ბუცხრიკიძის თქმით, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო ადამიანად ის გიორგი კეკელიძეს მიიჩნევს. გურული მწერალი მისთვის იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ, გარდა მისი საინტერესო შემოქმედებისა, კეკელიძე პიროვნული ნიშნებითაც გამოირჩევა. „სამწუხაროდ, მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, მგონია, რომ ძალიან თავმდაბალია და, განსხვავებით ბევრი თანამედროვე ქართველისა, საქმეს რეალურად აკეთებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართველ მწერლებში ის განსაკუთრებულად ნიჭიერია“.
დღესაც კი ბევრი ქართველი საქართველოს უახლოესი წარსულის ფურცლებიდან ვერ გამოდის. ეს კარგიცაა. დღევანდელი თაობის წარმომადგენელია ანი მჭედლიშვილი. როგორც ის ამბობს, მისთვის გამორჩეული ქართველები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არიან: „როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ისინიც საამაყოდ გამორჩეულები იყვნენ. ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზვიადს სუსტ მმართველად აღიქვამენ. ზვიადიც და მერაბიც განსაკუთრებულად იყვნენ საქართველოს სიყვარულით შეპყრობილები. ასე რომ, არ მგონია, დღეს მათ ვინმე ამის გამო უნდა აკრიტიკებდეს“.
ნოდარ ლაფანაშვილისთვის განსაკუთრებულად საინტერესო თბილისელები დავით სარაჯიშვილი და ლევან აბაშიძე არიან. სარაჯიშვილი მას საკუთარი საქმიანობის გამო მოსწონს და აქ კონიაკის წარმოებას გულისხმობს. ლევან აბაშიძეს რაც შეეხება, მიიჩნევს, რომ ის კარგი პერსპექტივების მქონე ახალგაზრდა მსახიობი იყო, რომელიც აფხაზეთის ომმა შეიწირა. ამ ორ ადამიანს ის ჰამლეტ გონაშვილს საკუთარი უნიკალური ხმის გამო ამატებს. „და ზაზა ფაჩულია, ქართველი ბიჭის რთული გზა „NBA“-მდე. და ხმის მიცემის დასამახსოვრებელი ამბების გამო“ – აღნიშნავს ის.
ეკა კალანდაძე: „ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო გელა ჩარკვიანია. ის ღირებულებები, რომლებიც მან ჩამოაყალიბა თავისი მოღვაწეობის ყველა სფეროში, უკვალოდ არ ჩაივლის და სწორედ ეს არის მთავარი, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე შექმნა, ფაქტობრივად, ეპოქა – ეპოქა,რომელიც თაობებისთვის საინტერესო და მისაღები იქნება“.
ანა მიქაბერიძემ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არჩევანი ვერც თბილისის მასშტაბით გააკეთა და ვერც – საქართველოს მასშტაბით: „ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მისაბაძიც კი არის ყველა ქართველი მწერალი, როემლიც მე-19 და მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა. უმიზეზოდ არ ვამბობ. ნამდვილად ჰქონდა ყველას საკუთარი ხაზი თავისივე შემოქმედებაში და ყველამ შეძლო, რაღაცით ყოფილიყო დასამახსოვრებელი საკუთარი სამშობლოს წარმომადგენლებისთვის. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელსა და სახეს განსაკუთრებული სტატუსი შესძინეს“.
ბ.ზ: „ცალსახად უნდა გამოვყო გურამ დოჩანაშვილი, რომელიც მაგარი თბილისელია. ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის შენაძენი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ახლავე დავაფასოთ როგორც მისი შემოქმედება, ისე თავად დოჩანაშვილი. მეტი გურამ დოჩანაშვილი აღარ დაიბადება“.
გიორგი დემეტრაძე: „რადგან სპორტით განსაკუთრებით ვარ დაინტერესებული, ვიტყვი, რომ, ზოგადად, საქართველოს სახელით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთმა სპორტსმენმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს. საამაყოა ყველა ეს ქართველი, მიუხედავად იმის, ქვეყნის რომელი რეგიონების წარმომადგენლები არიან. ქალი სპორტსმენებიც ძალიან გააქტიურდნენ. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო თბილისელი ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა“.
ავტორი: მარიამ ტიელიძე