შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას აწარმოებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა, სტამბოლში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამართულ ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას აწარმოებს.

შეხვედრის მონაწილეებს, ქართულმა მხარემ აფხაზეთის რეგიონში პოტენციური სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

უწყების ინფორმაციით, ქართველმა და აფხაზმა მონაწილეებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი სამარხების მოძიებასა და ნეშტების ექსჰუმაციაში მიღწეულ პროგრესსაც შეეხო.

„ამ დროის მონაცემებით, 2019 წლის ექსჰუმირების გეგმაში 36 სამარხია ჩართული. ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ჯამში 129 სამარხის გახსნა და 431 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა. დღეისათვის იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ ინფორმაცია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, ასევე სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ, შემდგომში მათი მოძიებისთვის.

ასეთი სახის ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2 93 17 45“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

Please follow and like us: