პიგიენა და თავის მოვლა ნებისმიერი ადამიანის უპირველესი საჭიროებაა. დღეს ამ კუთხით, მომხმარებელს საკმაოდ დიდი და ფართო არჩევანი აქვს, რომელსაც ქართული, ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები სთავაზობენ.  რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ნატურალური საპნების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. „დემა“ ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქცია ხელნაკეთია, მაქსიმალურად ჯანსაღია და არ მუშავდება ქიმიურად. “თბილისი თაიმსს” ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მისი დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი ესაუბრა. 

თავდაპირველად თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას საქმიანობთ?

უკვე 28 წელია პედაგოგი ვარ და ვასწავლი უფროს კლასელებს.  მყავს დიდი ოჯახი შვილები, შვილიშვილები. ჩვენი სახლი მუდამ სავსეა ხალხმრავლობით. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მეორე, ჩემთვის საყვარელი საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი. ახალგაზრდობიდანვე დაინტერესებული ვიყავი სამკურნალო მცენარეებით და გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა ქართული და უცხოური ლიტერატურიდან, რაც ჩემი ოჯახის წევრების თანადგომის შედეგია.

საიდან გაგიჩნდათ ხელნაკეთი საპნების შექმნის იდეა?

სამკურნალო საპნებს ჩვენს ოჯახში ტრადიციულად ამზადებდნენ, ჩემი დიდი ბებო, შემდეგ ბებია და დედა. და ასე გადმოგვეცემოდა თაობიდან თაობას ეს ტრადიცია. თუმცა 2015 წელს ჩემი ოჯახის პატარა წევრს ალერგიული ფონი განუვითარდა, რის შედეგადაც გადავწყვიტეთ ამოგვეღო ხმარებიდან ყველა ის ალერგიის გამომწვევი ჰიგიენური საშუალებები რომელსაც მაშინ ვხმარობდით. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც ქიმიკოსია, გაგვეხსენებინა ის ძველი ტრადიცია და ინტენსიურად გაგვეკეთებინა საპნები. შემდეგ 2016 წელს აწარმოე საქართველოს ფარგლებში მოვიპოვეთ მცირე დაფინანსება და საჭირო ინვენტარი შევიძინეთ. თუმცა სანამ გრანტს მივიღებდით მანამდე ერთი წლის განმავლობაში ტექნოლოგია დავხვეწეთ , გავაუმჯობესეთ და გავათანამედროვეთ, ტრადიციებთან ერთად ახლის ძიებაშიც ვიყავით და სწორედ ასე დაიბადა საპონი “დემა”.

როგორია „დემას“ საპნების დამზადების ტექნოლოგია, ძირითადად რისგან მზადდება პროდუქცია?

როგორც აღვნიშნე თავდაპირველად ტრადიციული რეცეპტურით დავამზადეთ, თუმცა შემდეგ სხვადასხვა ტექნოლოგია შევიმუშავეთ თითოეული საპნისთვის. დამზადების პროცესში ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იყოს ნატურალური ზეთები, სათუთად შეგროვილი და გადარჩეული მცენარეები და ის ნივთები რასაც დასამზადებლად ვიყენებთ. საპნის დამზადების პროცესში არ ვიყენებთ მეტალის ინსტრუმენტებს. ყალიბებიც კი ხისგან გვაქვს დამზადებული. თითოეული გამოყენებული კომპონენტის ნატურალურობას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც საბოლოო ჯამში  სძენს მათ სამკურნალო და დადებით თვისებებს.

რაში გამოიხატება მათი სამკურნალო ეფექტი?

საპნების დამზადებისას გამოყენებული კომპონენტების სასარგებლო თვისებები ბოლომდე შენარჩუნებულია ჩვენს პროდუქციაში. საპონი დადებითად მოქმედებს მათზე ვისაც ალერგია აწუხებს, ეგზემა, ფსორიაზი,ჭრილობები, გამონაყარი, აკნე, ან სულაც კოსმეტიკური თვალსაზრისით შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. თუმცა არ მინდა არასწორად იქნას გაგებული თითქოს საპონი არის რაიმე მედიკამენტის შემცვლელი. საპონი შეიძლება გამოვიყენოთ კანის სხვადასხვა დაავადებების დროს ან პრევენციისას. მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად.

ამ კუთხით ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღლია, რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

როცა ჩვენ ოფიციალურად დავრეგისტრირდით 2016 წელს მაშინ სულ რამდენიმე აწარმოებდა საქართველოში. თუმცა გეთანხმებით ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი  დაინტერესდა საპნის წარმოებით, რაც თავისთავად კარგია საზოგადოების დაინტერესებაც და ცნობიერების ამაღლებაც ამ კუთხით  უფრო მეტად იზრდება. ჩვენი პროდუქცია სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ არის რთული ფორმულა, რაც სხვადასხვა სახეობის მცენარის თუ სამკურნალო ექსტრაქტის გაერთიანებას გულისხმობს. ვაქვს 30 სახეობამდე სხვადასხვა მცენარის საპონი, რომელთა მათგანსაც მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ ჯერჯერობით. ასევე ზუსტად ერთი წლის წინ პირველები ვიყავით ვინც საქართველოში ვირის რძისგან საპონი დავამზადეთ და დღეს ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საპონია.სევე პირველები ვართ ვინც ქართული ლავანდის ყვავილებისგან ლავანდის საპონს ვამზადებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს ფერის ან სუნის მისაცემად, რის გამოც ჩვენს საპნებს აქვთ ბუნებრივი ფერები და ბუნებრივი სუნი იმ კომპონენტებისა რასაც კონკრეტული საპონი შეიცავს.

დემას“ რა სახეობებია ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის და როგორია საპონის ფასები?

როგორც უკვე გითხარით 30მდე სახეობის საპონს ვამზადებთ. თითოეულს აქვს ინდივიდუალური შემადგენლობა და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. გვაქვს კოსმეტიკური საპნები მშრალი ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. გვაქვს ასევე საბავშვო საპნები, თმის ცვენის, ალერგიის, გამონაყრის და კანის სხვადასხვა დაავადებების დროს გამოსაყენებლად განკუთვნილი. სახეობებს რაც შეეხება ესენია:ვირის რძის, ჭინჭრის, ხნის, გვირილის, კალენდულის, ორკბილის, ლავანდის, , ფორთოხლის, ლიმნის, ვარდის, ნაცრის, ნახშირის და ა.შ. თითოეული ჩვენი პროდუქციისთვის სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად მივდივართ მაღალ მთიან რეგიონებში ისეთ ადგილებში სადაც ტრანსპორტი ვერ ხვდება და მცენარეები ველურ პირობებში იზრდებიან ყოველგვარი ქიმიური შხამ ქიმიკატების გარეშე. მართალია ეს ძალზედ შრომატევადი საქმეა მაგრამ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ჩვენ ამის კეთება და შემდეგ სხვების გახარება. რაც შეეხება ფასებს ხელმისაწვდომია მათი ფასები, ვცდილობთ არ გავაძვიროთ პროდუქცია, ვინაიდან ნატურალური იგრენდიენტები საკმაოდ ძვირი ღირს წარმოება ცოტა ძვირი ჯდება,თითოეულ საპონს ინდივიდუალური ფასი აქვს შემადგენლობებიდან გამომდინარე. გვაქვს ინტერნეტ მაღაზია და თბილისში მიწოდების უფასო სერვისი, ხოლო რაიონებში ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით.  ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი საპნები საკმაოდ გამყოლია და დიდხანს ძლებს.

როგორია „დემას“ განვითარების სამომავლო გეგმები? თუ გეგმავთ წარმოების გაფართოებას ან პროდუქციის გამრავალფეროვნებას?

სამომავლო გეგმები დიდი გვაქვს. რა თქმა უნდა, გვინდა გაფართოება, გვინდა მოვიძიოთ თანადაფინანსება რაც ძალიან დაგვეხმარება. დღეს საპნების გარდა ვამზადებთ საბავშვო სარეცხ სითხეს, რომელიც არის ბიოდეგრადირებადი და ეკომეგობრული გარემოსათვის ნიადაგისთვის და წყალსატევებისთვის. გვინდა, ამ მიმართულებითაც განვითარება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მოხმარება ჩვენი პროდუქციის. ასევე რამდენიმე კოსმეტიკური საშუალებების შექმნის პროცესში ვართ, რომელიც სულ მალე იხილავს დღის სინათლეს. გვჯერა იმ ქართველი მომხმარებლების რომლებიც დღითი დღე ინტერესდებიან ნატუალური და ბიოდეგრადირებადი საპნებით.

Please follow and like us: