საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც, გარდა სხვა ბევრი მახასიათებლისა, ეთნიკური უმცირესობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქვეყნის დედაქალაქ თბილისში ყოველთვის სახლობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. დროთა განმავლობაში, შეიცვალა ის მიზეზები, რის გამოც მათ გული საქართველოსკენ მოუწევთ. ზოგიერთი მათგანი აქ მთელი ცხოვრების გასატარებლადაც კი ჩამოდის.

ნარგიზ პოდოსიანი სამცხე-ჯავახეთიდანაა. წლებია, ის საქართველოში ცხოვრობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულება დაამთავრა. ალბათ, ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქროპენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის დედაქალაქზე. „თბილისი თაიმსს“ სწორედ ნარგიზ პოდოსიანი ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობ?

უკვე მე-7 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ახალგაზრდობა თბილისში გავატარე. რაც შეეხება სამშობლოს, უმდიდრესი ადამიანი ვარ, რადგან ღმერთმა დამიჯილდოვა ორი სამშობლოთი – საქართველოთი და სომხეთით. საქართველო ჩემი სამშობლოა, რადგან აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ და, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, ჩემს მომავალს ვაკავშირებ საქართველოსთან. სომხეთი ჩემი სამშობლოა, რადგან სომეხი ვარ და სომხეთი დარჩება ჩემი ტრადიციების, ჩემი ისტორიის, ჩემი კულტურის, ჩემი სულისა და გულის ქვეყანად. რატომ მივიჩნევ ორივე ქვეყანას ჩემს სამშობლოდ? რადგან ვფიქრობ, სამშობლო ადგილია, სადაც სულ გინდა დაბრუმება. სადაც უნდა ვიყო, სულ ვოცნებობ საქართველოსა და სომხეთში დაბრუნებას.

რა მიზეზების გამო დასახლდი თბილისში?

თბილისში დასახლების უპირველესი და, ალბათ, ერთადერთი მიზეზი იყო უმაღლესი გამათლების მიღება და სახელმწიფო ენის სწავლა. სხვა ვარიანტი არასდროს მქონია და არც მიფიქრია ალტერნატივზე, რადგან ჩემს მომავალს ვხედავდი მხოლოდ თბილისში.

რა მოგწონს დედაქალაქში, განსაკუთრებულად?

ძველი თბილისი – ადგილი, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივდივარ.

რა პრობლემებს ხედავ თბილისში, ყოველდღიურად?

მართალია, ეს უფრო თბილისისთვის გლობალური პრობლემაა, მაგრამ მაინც აღვნიშნავ – როგორც ყველა, ალბათ, მეც, პირველ ყოვლისა, გეტყოდით, რომ ჰაერის დაბინძურებაა პრობლემა და საკმაოდ ბევრი მშენებლობა. მახსოვს, ბავშვობაში, როცა თბილისში არ ვიყავი ნამყოფი, სულ მესმოდა ამ ქალაქზე – ის საოცარი ქალაქია, იმდენი ხე, სკვერი მძვანე ტერიტორია არის, ედემს ჰგავსო. ჩამოვედი სასწავლებლად, დამხვდა სრულიად განსხვავებული თბილისი. ყოველდღიური პრობლემაა საცობები.  ყოველდღიური, პრობლემას ვერ ვიძახდი, უფრო ტკივილია ის, რომ ქუჩებში სულ ვხედავ მოხუცებს, ახალგაზრდებასაც, რომ დახმარებას ითხოვენ. არ მინდა, ჩემი ქვეყანა ასეთი იყოს.

რა გეგმები გაქვს საქართველოსთან დაკავშირებით?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ და როცა ვაბარებდი ამ ფაკულტეტზე, მიზანი მქონდა ერთი – ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, საკითხები და, საერთოდ, მათ ცხოვრება გამეცნო ქართული საზოგადოებისთვის და, პირიქით, მსურდა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში არსებული ინფორმაციული ვაკუუმისა და ინტეგრაციის პრობლემების როგორმე მოგვარება და ამ სირთულეების გაძლევა. 7 წლის შემდეგ, ჩემი მიზანი არაა შეცვლილი. აი, ეს ვითარებაა დღემდე. მინდა, ეს შევცვალო და მჯერა, რომ მივაღწევ მიზანს

ჩემთვის უპირველესი ისაა, რომ უფრო მეტი ხე იყოს ქალაქში და შენარჩუნდეს უძველესი არქიტექტურა

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: