დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართულ ფოლკლორსა და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე საგალობლების უნიკალური რვა ტომეულის გამოცემა.

„სახელმწიფო პროგრამა დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, როდესაც გამოიცა უნიკალური რვა ტომეული ჩვენი საგალობლების. თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია, ვინაიდან აღნიშნული საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო რათა, სრულად დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ქართულ საგანძურში განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს მიქაელ მოდრეკილის მოღვაწეობას.

„წლების განმავლობაში ქართველი მეცნიერები მუშაობდნენ ამ საკითხზე და მსურს, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევენ საშუალებას, რომ გვქონდეს სრულფასოვნად წარმოდგენა, თუ რა სიმდიდრე დატოვა ამ უნიკალურმა ადამიანმა. როდესაც განათლების სამინისტრომ დაიწყო ამ საკითხის ინიცირება, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე სრული მხარდაჭერა გვქონდა გამოცხადებული და ზოგადად, ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ჩვენ გვჭირდება ამ უნიკალური სიმდიდრის პოპულარიზაცია არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ პირველ რიგში, საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თითოეულმა ქართველმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, კარგად უნდა გაიაზრონ, რა სიმდიდრესთან გვაქვს საქმე, რა მასშტაბის ეროვნული საგანძურია და რა მასშტაბის პასუხისმგებლობაა თითოეულ მოქალაქეზე, რომ საგანძური მომავალ თაობებს გადაეცეს.

„ამაზე მეტი სიმდიდრე საქართველოს არაფერი აქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ნევმირებულ ძლისპირებბსა და მიქაელ მოდრეკილისიადგარში დაცულ ნევმურ სისტემას წლების განმავლობაში ანჩისხატის გუნდის წევრები მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი იკვლევდნენ.

გაზიარება