საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან.

2017 წლის პირველი იანვრიდან საქორწინო ასაკად განისაზღვრა 18 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინება დაუშვებელია. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა კი გულისხმობს, რომ მათ თავისუფალი ნება უნდა გამოხატონ ქორწინებაზე, რასაც სხვა პირი, მაგალითად, მშობელი ვერ გააკეთებს.

მიუხედავად ამ საკანონმდებლო დათქმებისა, სტატისტიკა არასახარბიელო რეალობაზე მეტყველებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა. ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, 18 წლამდე პირთა ქორწინება არ რეგისტრირდება, ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები მაინც პრობლემად რჩება.
გასული წლის სახალხო დამცველის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც ბევრ პრობლემურ საკითხს აფასებს, ყურადღებას ამახვილებს ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე, რომელიც უკვე წლებია მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში.

ათასობით დაურეგისტრირებელი და შედარებით ნაკლები ოფიციალური ქორწინება, მოტაცებისა და ქორწინების იძულების ფაქტები, ადრეულ ასაკში დედობა და მამობა, მიტოვებული სასწავლებელი და განათლებასა და სხვა სერვისებს მოკლებული უამრავი ახალგაზრდა- ეს ბევრის პირადი, ბევრისთვის კი ტრადიციულობის ან ოჯახის არჩევანია. ხშირად საუბრობენ ქართულ ტრადიციებზე, ასევე ეთნიკური უმცირესობის წესებზე, რომელიც ნორმად მიიჩნევს ადრეულ ასაკში ქორწინებას, იმ მავნე შედეგებზეც, რაც ამ პროცესებს მოაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩევა პასუხისმგებელი პირებისა თუ უწყებების ვინაობა.

და ვინ უნდა დაარეგულიროს ქვეყანაში ერთერთი მწვავე პრობლემა,რომელიც ბევრ ახალგაზრდას ნაადრევ ასაკში აკარგვინებს ბავშვობას და აჭიდებს ცხოვრების სირთულესთან? ვინ უნდა გააკონტროლოს მოზარდის ნებისა და მისი პირადი თავისუფლების დაცვა, მაშინ ,როდესაც ბევრ რეგიონში მოტაცება ან გოგონას იძულებით გათხოვება დღემდე არ ითვლება პრობლემად ან დანაშაულად.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა.

„2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა. კვლავ პრობლემურია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა,”- ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში.

მეტნაკლებად ცხადი და გასაგებია ნაადრევი ქორწინების მანკიერი პრაქტიკის გამომწვევი მიზეზები, ასევე ის მავნე გავლენა, რასაც ეს პროცესი მოზარდის სოციალურ განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ახდენს. თუმცა საინტერესოა ამ პრობლემის დანახვა ფსიქოლოგიური ასპექტით. რა რისკები და საფრთხეები ახლავს თან ნაადრევ ასაკში ქორწინებას და შვილის გაჩენას და როგორ შეიძლება ამ საკმაოდ კომპლექსური პრობლემის დარეგულირება ჩვენს ქვეყანაში?

სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა „თბილისი თაიმსი „ ფსიქოლოგოს მარიამ იველაშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

„-საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანაა ადრეული ქორწინებების რიცხვით. ძირითადად, თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ეს მდგომარეობა და რამ შეუწყო ხელი ამ არც ისე სახარბიელო სტატისტიკას?

გარდა ფსიქოთერაპიული პრაქტიკისა, აქტიურად ვმუშაობ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ბავშვებთან და ნაადრევი ქორწინების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე. როგორც კვლევები გვიჩვენებს, რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი ამ ტენდენციის განვითარებას. პირველი ეს არის ეთნიკური უმცირესობების საკითხი, რომელიც დღემდე უცვლელი რჩება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური მდგომარეობა, მესამე და, ჩემი აზრით, უმთავრესი საკითხი არის მშობლების დამოკიდებულება შვილებისადმი.

პრაქტიკაში ხშირად ვხვდები ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც საკუთარი ნებით გათხოვდნენ ადრეულ ასაკში, რათა თავი დაეღწიათ გაუსაძლისი ოჯახური ცხოვრებისთვის და რა თქმა უნდა, აღმოჩნდნენ იდენტურ ან უარეს სიტუაციაში. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კონსერვატიულია, უჭირთ სიახლეების მიღება, ახლის სწავლა და შესაბამისად თაობიდან თაობას გადაეცემა ეს არასწორი წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა, აღზრდის სტილი და ა.შ. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ნაადრევი ქორწინების სტატისტიკაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ერთერთი პირველია ნაადრევი ქორწინებების რიცხვით და მომავალში ამის შედეგებითაც.

თუმცა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,რომ ნაადრევი ქორწინება სულ რაღაც სამი წელია რაც კანონმდებლობით დასჯადი გახდა, ეს სიახლეა ჩვენი საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენი მუშაობის და სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით უახლოეს მომავალში მკვეთრად დაიკლებს დღეისათვის არსებული მაჩვენებელი.

-კვლევების მიხედვით დგინდება რომ ადრეული ქორწინება უფრო მეტად თავს იჩენს გოგონების შემთხვევაში. რა განაპირობებს ამას და რა ფსიქოლოგიური მოტივი უდევს საფუძვლად ამ ასაკში გოგონების დაქორწინებას?

უმეტესწილად სწორედ გოგონები არიან ადრეულ ქორწინებაში. ამას განაპირობებს ისევ და ისევ მშობლების დამოკიდებულება, რომ საკუთრებად აღიქვამენ შვილებს და ხშირ შემთხვევაში მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად აიძულებენ დაქორწინებას.

ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს სექსუალური განათლების არ ქონას, რადგან გოგონები არასრულწლოვან ასაკში ხშირად ფეხმძიმდებიან და ისევ იძულებულები არიან რომ გათხოვდნენ. და როგორც ვახსენე ოჯახური მდგომარეობა, როდესაც გათხოვება ნიშნავს „თავის დაღწევას“.

-ადრეული ქორწინება უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს ადრეულ ასაკში დედობას. გარდა ბიოლოგიურისა, ასევე ფსიქოლოგიურ საფრთხეებთანაცაა დაკავშირებული პატარა ასაკში მშობიარობა. რომ გვითხრათ ამ რისკებსა და საფრთხეებზე?

ფეხმძიმობა და მშობიარობა ერთერთი ყველაზე დიდი კრიზისია ყველა ქალის ცხოვრებაში. მეცნიერება დაადგინეს რომ საუკეთესო ასაკი დედობისთვის არის 30+, როდესაც ქალს უკვე ჩამოყალიბებული აზროვნება და ცხოვრება აქვს და ყველანაირად მზად არის გახდეს დედა. როდესაც 16 წლის გოგონა ხდება დედა, მისთვის ხომ ეს წარმოუდგენელ სამყაროში მოხვედრაა, როცა ამხელა ტკივილის გაძლება და ამხელა პასუხისმგებლობის აღება უწევს საკუთარ თავზე და განსაკუთრებით ბავშვისთვისაა ეს არასასიამოვნო მდგომარეობა, რადგან დედას ამ ასაკში არ აქვს გააზრებული და არ იცის რას ნიშნავს დედობა, თუმცა აქვე დავამატებდი რომ ჩვენს რეალობაში 25 წლის ასაკშიც რთულია იცოდე როგორი უნდა იყოს დედა, რადგან ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ თუ კეთდება.

-არასრულწლოვანი დედები და მამები უმეტეს შემთხვევაში ვერ იღებენ განათლებას, არ აქვთ პროფესია და არიან არარეალიზებულები. ეს აისახება თუ არა მათ ფსიქიკასა და შემდგომ სოციალიზაცია- განვითარებაზე?

აუცილებლად აისახება და პირველ რიგში აისახება მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე, რაც გავლენას მოახდენს მათ მთლიან ცხოვრების სტილზე და ცხოვრების ხარისხზე.

-რა უნდა გაკეთდეს ადრეული ქორწინების საკმაოდ მავნე პრაქტიკის შესამსუბუქებლად ჩვენს ქვეყანაში და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?

პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველა ჩვენგანს. პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ ადრეული ქორწინებების „მწარე“ შედეგები და მეორე რიგში, ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ არ დავუშვათ მსგავსი შემთხვევები ჩვენ გარშემო, რადგან საბოლოო ჯამში ნებისმიერი ორგანო, ვინც ამაზე მუშაობს, ვერ ფლობს ინფორმაციას ადრეული ქორწინებების შესახებ.

კანონი გამოვიდა და ძალაშიც შევიდა, მაგრამ არასრულწლოვანთა ქორწილებში შეიძლება კანონდამცველებიც კი ვიხილოთ, ასე რომ….“

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: