კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადეს.

პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. მაია ბითაძის განმარტებით, მერიამ უკვე დაასრულა ტყის ინვენტარიზაცია, შედეგად კი გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ბითაძის თქმით, ამ ბილიკებზე, მოეწყობა საკემპინგე ადგილები, დასასვენებელი ადგილები, ასევე ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და გადმოსახედები.

“ეს ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ისეთ სივრცეებს გაეცნოს თბილისში, სადაც პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ტყე აღდგება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Please follow and like us: