მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველი “შემოსავლიანი სახლი” უნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით.

შენობის მაღალი, ფართოვიტრინებიანი პირველი სართული ქვით არის რუსტრირებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. შენობის გარე ფასადის დეკორატიული სამკაული – ქვის კვეთილი გირლანდები და სკულპტურული რელიეფებიც მოდერნის სტილშია შესრულებული. მათი ავტორი ჩეხი მოქანდაკე ა. ნოვაკი გახლავთ.

ნაგებობას სწორხაზოვანი და მორკალული ფორმის კარნიზები აგვირგვინებს. მ. ჯავახიშვილის ქუჩის კუთხეზე გამავალ ნაწილს ორი მცირე გუმბათი ასრულებს.

სახლის უკანა მხარე მთლიანად თბილისური ტრადიციული ხის აივნებითაა შემკული, რაც ამ ისტორიული ძეგლის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

სახლი საკმაოდ რთულ რელიეფზე აშენდა და ამიტომ რამდენიმე დონე ჰქონდა. დამატებით სირთულეებს აშენების პროცესში მიწისქვეშა წყლები ქმნიდა. პირველად კავკასიაში გამოყენებულ იქნა უნიკალური ტექნოლოგია: შენობის საძირკველი მთლიანად ფოლადის კარკასში იყო გაკეთებული, რომელმაც მიწისქვეშა წყლებისაგან დაიცვა შენობა და სიმყარე შემატა მას. კედლები საგანგებოდ გამომწვარი აგურითაა აშენებული.

ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე კი მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცის 25 წლის გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა.

გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის მიწურულს თბილისში ძალიან მდიდარი კაცი – მელიქ აზარიანცი გამოჩნდა. მან საცხოვრებლად ზემელზე (როგორც წინათ უწოდებდნენ) შეარჩია ერთი ადგილი და გადაწყვიტა, იქ აეშენებინა თავისი სახლი.

მოედნისა და სანაპიროსკენ მიმავალი გზის მხარეს შენობას მომრგვალებული ფორმა უნდა ჰქონოდა. მან არქიტექტორს პროექტის გაკეთება დაავალა, ხოლო თვითონ ტერიტორიის გასუფთავებას შეუდგა.

თავისი მსახურები იმ ადამიანებს მიუგზავნა, რომლებიც მის მიერ შერჩეულ ადგილას ცხოვრობდნენ. უმეტესობა მათგანი ღარიბი იყო. აზარიანცი მათ 300 ოქროს უხდიდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ. მის პირობებს ყველა სიხარულით დათანხმდა, გარდა ერთი მეწაღისა. იგი არაფრის დიდებით არ თმობდა თავის დაბრეცილ ჯიხურს, სადაც მთელი დღეები იჯდა და ფეხსაცმელების შეკეთებით იყო დაკავებული.

აზარიანცმა მას 500 ოქრო შესთავაზა, მაგრამ მისი დაყოლიება ვერაფრით შეძლო. საბოლოოდ მეწაღის სიჯიუტეს შენობის ნაწილი შეეწირა. არქიტექტორი იძულებული გახდა, რომ თავისი წინა ჩანაფიქრი, – მოედნის მხარეს სახლის მომრგვალებული კედელი – სწორი კედლით შეეცვალა.

ლეგენდის თანახმად, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული. მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მთავრობის უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა.

იმ პერიოდში ღვინო ძალიან იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან და თავისი სახლის მშენებლობა სწორედ ამ ღვინით დაასრულა.

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სამშენებლო მასალებში წყლის მაგივრად ღვინო იქნა გამოყენებული. ამ საქციელით მან მთავრობასაც გასცა საკადრისი პასუხი და გლეხებიც ასარგებლა.

ყველაზე საინტერესო კი შენობის სარდაფებია. მიწის ქვეშ უზარმაზარი გვირაბები ყოფილა, რომლებიც ამჟამად დალუქულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მდიდრებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, მელიქ აზარიანცი სარდაფში, თავის საიდუმლო ოთახ-სეიფში შესულა, რათა ძვირფასეულობა გამოეტანა. შემთხვევით სეიფის კარი გარედან ჩაკეტილა, არადა, იმ სეიფის არსებობა მის გარდა არავინ იცოდა.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო შეეფერება სინამდვილეს. სხვა მილიონერებისაგან განსხვავებით, რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული.

Please follow and like us: