5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჩვენს სრულიად რეალისტურ ამბიციას, გავხდეთ რეგიონული ჰაბი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მიმდინარე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველო-კვიპროსის პირველ ბიზნესფორუმს, რითაც იდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. საქართველო ევროპის გზაზე დგას და ამდენად კვიპროსთან, რომელიც ევროკავშირის წევრია, პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა, გაგვეხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ შეთანხმებით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო-კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სავაჭრო ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას.

„ვიმედოვნებ, რომ ფორუმი შექმნის რეალურ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი ახალ პერსპექტივებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიზიკურ კავშირს აყალიბებს. სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჩვენს სრულიად რეალისტურ ამბიციას, გავხდეთ რეგიონული ჰაბი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სულ უფრო მეტად ვზრუნავთ თანამედროვე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა უმსხვილეს მსოფლიო ბაზრებზე, ჩვენი საგადასახადო გარემო შეღავათიანია და ეს მათ შორის ეხება იმპორტს. საერთაშორისო რეიტინგებში წლევანდელი მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით, ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ 190 ქვეყანას შორის, ევროპის ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილს ვიკავებთ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის მერვე ადგილზე ვართ. მიუხედავად ამ წინსვლისა, ჯერ კიდევ ვდგავართ გამოწვევების წინაშე. დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაულახავია, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. მინდა, ავღნიშნო, რომ სამიოდე წლის წინ კვიპროსი იყო მსხვილ ინვესტორთა ათეულში. ვიმედოვნებ, რომ ეს ინტერესი არ განელდება და ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო გაფართოვდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მუშაობა საქართველოდან კვიპროსში ექსპორტის ზრდაზე. მისივე განმარტებით, უკვე არაერთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი არსებობს, რომელთა კვიპროსში გატანა სარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის.

„შავ ზღვას ჩვენს ურთიერთობაში ისტორიულად ჰქონდა უდიდესი როლი. კვიპროსი ქართველებისთვის პირველ რიგში იყო გზა წმინდა მიწისკენ. ეს გზა დღეს ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის ვაჭრობისა და ტურიზმის მუდმივი განვითარებისთვის და ამის რეალური საფუძველი გვაქვს. ზღვა ჩვენი საუკეთესო მოკავშირეა. ვიმედოვნებ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების ახალი გზები ბიზნესკავშირების გაძლიერებისთვის. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის საუკეთესო ფორმატი სწორედ ასეთი შეხვედრებია. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატება და ნაყოფიერი მუშაობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Please follow and like us: