ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სამთავრობო და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ყოფილი სასახლესთან დაკავშირებით განუცხადა.
“ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ხალხის მიერ ორი სასახლის შენახვით როგორ იზოგება თანხა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ასე არ არის.
„ეს ასე არ არის, რადგან სულ სხვა დანიშნულება აქვს ამ სასახლეს და სულ სხვა დანიშნულება აქვს ათონელის რეზიდენციას”, – აღნიშნა ქობულიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა” და ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ავლაბრის სასახლე იყო. მმართველი გუნდი თვლიდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია უფრო მცირე ზომის უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მათი აზრით, ავლაბრის სასახლის შენახვა ხალხს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა.