თბილისის N37 ბაგა-ბაღის 34 აღმზრდელს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. დაჯილდოების ღონისძიება ბაგა-ბაღში გაიმართა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო.

პრეზენტაციაზე ბაგა-ბაღის დირექტორმა თეა მიქაძემ და პროექტის მენეჯერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა დოლიძემ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, რომ ბაგა-ბაღის პერსონალს ტრენინგამდეც ჰქონდა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის კარგი გამოცდილება, შესაბამისად, სწავლება საკმაოდ ეფექტურად წარიმართა.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამ მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბაგა-ბაღების ბაზაზე.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ჩვენი მიზანია სწორედ გამოცდილ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად დავძლიოთ ეს ამოცანა და ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ყველასათვის ცნობილია, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა ადრეული ჩარევითაა შესაძლებელი და ეს სწორედ სკოლამდელი ასაკის პერიოდია. ამიტომ, ჩვენ არ ვზოგავთ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსებს იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი პერსონალის ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობის სათანადო განვითარებისათვის,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

Please follow and like us: