დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დევნილთა 150-მდე ოჯახმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირსის კორპუსი დაიკავა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი მანამ არ დატოვებდნენ შენობას, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები. დევნილების ძირითად მოთხოვნას საცხოვრებელი ფართების დაკანონება და მათთვის ბინებით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. რამდენიმედღიანი მოლაპარაკებისა და შეხვედრების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა და გაფიცულმა დევნილებმა დატოვეს შენობა ხუთ აპრილს. დევნილების თქმით, მათ მიიღეს ჯანდაცვის მინისტრისგან უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის დაპირება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტის ასეთ მწვავე ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც არ დაკმაყოფილა მათი არაერთი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართების მიღებასთან დაკავშირებით. უმეტეს მათგანს ქირით უწევს ცხოვრება, გაუსაძლისია მათი სოციალური და ეკონომიკური პირობები.

არადა,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის ბრძანებით, დადგინდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესები და ვადები. მარეგულირებელი აქტი საკმაოდ დეტალურად აღწერს ყველა იმ პროცედურასა და პირობას, რაც უნდა დააკმაყოფილოს ოჯახმა, რათა შეფასების საფუძველზე მათ გადაეცეთ საცხოვრებელი ფართი, რომელთა დაკანონება უკვე დროის ამბავია. თუმცა მიუხედავად ამ კონკრეტიკისა, რეალობაში, ბევრი დაბრკოლება და პრობლემა იკვეთება.

ამაზე მეტყველებს რამდენიმე კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს და გამოავლინეს ხარვეზები დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში. ძირითად პრობლემად ამ კვლევების მიხედვით სახელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პოლიტიკის არაეფექტირობა და მისი გაუმართაობა. ამ უკანასკნელის მიზეზად კი შეიძლება მივიჩნიოთ არასრული ინფორმაცია და დევნილთა რეგისტრაციის ზუსტი მექანიზმის არარსებობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ცხოვრობს 88 000 -ზე მეტი დევნილი ოჯახი, რაც ჯამში 273411 ადამიანს უდრის. მძიმე 90-იანებისა და აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა და თავი სხვა რეგიონებისთვის შეეფარებინა. უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემა დიდ გამოწვევად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. თუმცა თუ წლების განმავლობაში ბიუჯეტში დევნილთა საკითხებისთვის გამოყოფილ თანხებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იგი ვერა და ვერ იქცა სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. სწორედ ეს დამოკიდებულება და არასწორი მიდგომა საკითხისადმი განაპირობებს დევნილთა სახელმწიფო პოლიტიკის გაუმართაობასა და მის არაეფექტურობას.
IDFI-იმ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართაინფორმაციის მოთხოვნით, თუ როგორი იყო წლების განმავლობაში დევნილთა ოჯახებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გაწეული დახმარებები. სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია ასახავს 2008-2016 წლების მონაცემებს. ამ მონაცემების მიხედვით, 2013 წლიდან დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის გარდა, სამინისტრომ დაიწყო სოფლად ინდივიდუალური სახლების შეძენის და კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვის პროგრამების განხორციელება.

2013-2016 წლებში სოფლად ინდივიდუალური სახლების შეძენის პროგრამის ფარგლებში სულ გაწეულია 26,904,309 ლარის ხარჯი, რომლის ფარგლებშიც შესყიდულ იქნა 1,370 საცხოვრებელი სახლი. კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვის თვალსაზრისით დახარჯულია 18,470,109 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდა 1,108 დევნილი ოჯახი.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2008-2016 წლებში სულ დაიხარჯა დაახლოებით 670 მილიონი ლარი, საიდანაც უდიდესი ნაწილი – 470 მლნ. ლარი საერთაშორისო დაფინანსება იყო.

სამინისტროს მიახლოებითი გათვლებით დევნილი ოჯახების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც არ მიუღიათ სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება, საჭიროა 1,5 მილიარდი ლარი. თუმცა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის.

ამ არასახარბიელო პროგოზებს და 2037 წლამდე უსასრულო რიგში ყოფნას ვერ უძლებს ბევრი დევნილი, რომელსაც მძიმე წარსულიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური პრობლემები ისედაც არ აკლია და მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას. აქციები დევნილთა სამინისტროსთან, შიმშილობა, გაფიცვები, თავის დაწვის მცდელობები და შენობებში უკანონოდ შეჭრა და თვითნებური დაკავება- უიმედო მდგომარეობაში მყოფი დევნილები ეძებენ გზას, რათა მიაწვდინონ ხმა სახელმწიფოს და არ ჩაიკარგოს იგი სხვა ბევრ ხმას შორის.

რა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან უწევს გამკლავება დევნილებს ჩვენს ქვეყანაში და რატომ იწელება საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესი დროში, ამ და სხვა საკითხებზე „ თბილისი თაიმსს „ ესაუბრა დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაციის „თანადგომა „ დამფუძნებელი ნინო კვარაცხელია.

„რაც შეეხება დირსის კორპუსში შეჭრას, ეს გამოიწვია ამ წლების მანძილზე დევნილთა უამრავ განცხადებაზე პასუხგაუცემლობამ. მე ბევრ მათგანს ვესაუბრე და ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ზოგი ვიღაცას არის შეკედლებული, ზოგიც ქირით ცხოვრობს წლების მანძილზე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დევნილების პრობლემებს არასათანადოდ განიხილავენ, რაც მათ ქულებზე აისახება ეს იწვევს პროტესტს და სამართლიანადაც. სწორედ ეს იყო მიზეზი უმრავლესობისთვის, რამაც მიიყვანა იქამდე, რომ გამოიყენეს პროტესტის რადიკალური ზომები.

დევნილების უმრავლესობას არა მარტო დირსის კორპუსებში შეჭრილს, სხვა კომპაქტურებშიც, დიდი პრობლემა ექმნებათ, ახლა უკვე ქალაქის მერიის მხრიდან. გუშიმ წინ დამიკავშირდნენ დევნილები. ამ ეტაპზე დევნილების სურვილია ჩაერთოს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც დამკვირვებელი, რათა არ მოხდეს არაკეთილსინდისიერი ქმედება დევნილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი კომისიის მხრიდან.

მეორე ნაწილი დევნილების, რომელთაც 2010-2011ში კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში დაუმტკიცდათ ბინები და მინდა გითხრათ, ეს ფართები, 12, 15 და 17 კვადრატულია ოჯახზე, მათ გასახლებას და ამ კორპუსში ინვესტორის შემოყვანას აპირებენ, მაგრამ დევნილები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან.

საბოლოოდ თუ კი ასე შეავიწროებენ დევნილებს და მათი ადამიანური უფლებების დარღვევას გააგრძელებენ, ისინი არ გამორიცხავენ საპროტესტო აქციებსაც.

დევნილებმა მომაწოდეს ინფორმაცია რომ, კორპუსის თავმჯდომარეები დადიან და ხელს აწერინებენ დევნილებს, ზოგს ეუბნებიან რომ ინვესტორი შემოდის და თანხას მიიღებენ, ოღონდ რა თანხაზეა საუბარი, არ ეუბნებიან მოსახლეობას, ზოგს ეუბნებიან რომ თავიდან უნდა გაიფორმონ საცხოვრებელი ფართი, თუმცა უკვე დაკანონებულია და ასე გაუგებრობაში ჰყავთ მოსახლეობა. მე დამიკავშირდნენ საბურთალოზე სამი დიდი კორპუსის დევნილები და ინფორმაციულ ვაკუში ვართ, რა გავაკეთოთ არ ვიცითო. პირველი, რაც ვურჩიე, მოითხოვონ შეხვედრა ინვესტორთან ან მისი კომპანიის იურისტთან და მათგან მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია. ამ დღეებში ველი დევნილებისგან პასუხს და შემდეგ უკვე გადავწყვეტთ, როგორ დავეხმაროთ მათ.

რა იწვევს საცხვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროცესის დროში გაწელვას ? ამის ერთერთ მიზეზს დაგისახელებთ, ეს არის არასწორად შეფასება დევნილი მოსახლეობის მდგომარების და სრული უყურადღებობა. კი არ გაიწელა ეს პროცესი, არამედ შეგნებულად გაწელეს და მოლოდინის რეჟიმში ამყოფებენ ხალხს.

თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ კი დევნილების ის ქონება რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში აქვთ, მათი ძირი ოჯახი, როგორც ეძახიან, აქ, საქართველოს სახელმწიფო საჯარო რეესტრში რომ იქნეს გაფორმებული, დადასტურებული. ეს დღევანდელი პრიბლემები მოიხსნებოდა. შემიძლია ვთქვა რომ ამ პროცესს აფერხებს ქალბატონი წულუკიანი.

თუ დევნილების კუთვნილი ქონება დარეგისტრირდება საქართველოს რეესტრში, მაშინ დევნილებს შეეძლებათ ევროპულ სასამართლოში შეიტანონ სარჩელი ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მოგვცემს კვიპროსის შედეგს. სამწუხაროდ, ეს არ აწყობს არც აფხაზეთის მთავრობას და არც დღვანდელ ხელისუფლებას. რაც მალე დაიღლებიან დევნილები და ზოგი დატოვებს ქვეყანას, ზოგიც ხელს ჩაიქნევს, აი სწორედ ამას ელოდებიან. მაგრამ მწარედ ცდებიან. მათ უფლებებზე ინფორმაციას, რაც ვიცი, პირადად მე მივაწვდი დევნილებს და არ დავუშვებ მათ მოტყუებას.”

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: