ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ქართველი ახალგაზრდები კვლავ ეწვივნენ ბრიუსელსა და სტრასბურგს. ბუნებრივია, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამ ტიპის ვიზიტები ძალიან საინტერესო და უდიდესი მნიშვნელობის მქონეა. სწორედ ამ ტიპის კონტაქტები და ურთიერთობები უზრუნველყოფს იმ მოლოდინს, რომ ქართველებმა უამრავ პროფესიულ წარმატებას მიაღწიონ.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, გიორგი ბენაშვილი პასუხობს.

უკვე მეორე წელია, რაც ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი ქართველი ახალგაზრდებისთვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტების ორგანიზებას ახდენს. ამ დროის განმავლობაში, ცენტრის ორგანიზებით, 6 სასწავლო ვიზიტი განხორციელდა, რომელშიც, ჯამურად, 100-მდე ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობდა“.

 რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი?

სასწავლო ვიზიტების ძირითადი მიზანია ჩვენი ახალგაზრდები უფრო ახლოს და სიღრმისეულად გაეცნონ ევროკავშირის პოლიტიკას, ეკონომიკას, იქაურ საზოგადოებასა და, ზოგადად, ევროპულ ფასეულობებს. ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზაცია ბრიუსელსა და სტრასბურგში სხვადასხვა აქტივობას გეგმავს; შეხვედრებს ევროკავშირის სტრუქტურებში, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში. ჩვენი პროექტების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მოხვდნენ ევროკავშირის ისეთ ინსტიტუციებში, როგორებიცაა ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სერვისი და სხვა. ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ორგანოებში ვიზიტისას ახალგაზრდებს საშუალება აქვთ პირისპირ ესაუბრონ ევროკავშირის წარმადგენლებს, გაეცნონ ამ სტრუქტურების და ზოგადად ევროკავშირის მუშაობის პრინციპებსა და პოლიტიკას.

 ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობისაა ის?

მე, როგორც რიგით ახალგაზრდას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი საერთო ევროპულ ოჯახში წარმომიდგენია. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ის პირდაპირ ეხმიანება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკას, რომელიც ხალხთა შორის პირდაპირი კავშირის განვითარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება, უშუალოდ ესტუმროს ევროპის მთავარ პოლიტიკურ ცენტრებს და პირადად ნახოს, როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი,  ყველა დროის წარმატებული გაერთიანება, როგორ ხდება სახელმწიფოთა და მოქალაქეთა ინტერესების პოლიტიკად ქცევა და როგორ ხერხდება განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების მქონე ადამიანები, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით კონსენსუალურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ.

Please follow and like us: