21 აპრილს დილიდან ხმაურმა და დაპირისპირებამ მოიცვა პანკისის ხეობა. კერძოდ ხმაური სოფელ ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალის გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ჰესის ხადორი 3- ს მშენებლობის აღდგენას მოასწავებდა. ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირება ადგილობრივებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ადამიანის დაზიანებით, კიდევ უფრო მეტის დაკავებითა და საპროტესტო ტალღის უფრო მეტად გაძლიერებით დასრულდა.
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც პანკისელები ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ბოლო რამდენიმე წელში პანკისში ორი ჰესი ხადორი 1 და ხადორი 2 აშენდა, მესამე ჰესის მშენებლობაზე კი ბრძანება უკვე გაცემულია. პანკისის ხეობაში სამი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობაზე ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გასცა. ჰიდროელექტროსადგურ ხადორი 3-ს კომპანია ალაზანი ენერჯი აშენებს, რომელიც შპს ფერის შვილობილი კომპანიაა. ეს კომპანია იმ გუნდიდან არის, რომელმაც პანკისის ხეობასა და საქართველოს სხვა წერტილებში უკვე ააშენა ჰესები, მათ შორის დარიალი ჰესი, ყაზბეგი ჰესი, ლარსი ჰესი, ხადორი 2. კომპანია ფერსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა.
პროექტის მიხედვით, ხადორი სამის მშენებლობა იგეგმება სოფელ ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰესის მშენებლობის პროცესში სოფლის მიმდებარედ მდინარე ალაზნის 90 % მილებში მოექცევა. სწორედ ეს ფაქტი იწვევს ადგილობრივების პროტესტს და უკმაყოფილებას. მათი განცხადებით, კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა უფრო გაამწვავებს წყლის პრობლემებს, ასევე საძოვრებსა და ტურისტულ საქმიანობებსაც შეუშლის ხელს.
გარდა სოციალური პრობლემებისა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეებთანაცაა დაკავშირებული. როგორც გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ორგანიზაციები ამტკიცებენ, ხადორი სამის პროექტში არ არის გათვალისწინებული ბუნებაზე მავნე ზეგავლენის რისკები, რადგან მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავისა და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე, წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახისა და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება.გარდა ამისა ექსპერტების შეფასებით, ჰესების კასკადის მშენებლობა არსებითად შეამცირებს სასმელი წყლის რესურსს ხეობაში, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ხეობაში მდებარე უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე და შეაფერხებს ხეობის ტურისტული განვითარების შესაძლებლობებს.
ხადორი 3-ის მშენებლობის პირველი მცდელობა გასული წლის ივნისში იყო, თუმცა ადგილობრივების აქტიური პროტესტის გამო დროებით შეჩერდა. რამდენიმე დღის წინ სამუშაოების განახლების პროცესს დაპირისპირება და არეულობა მოჰყვა ხეობაში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეკონომიკის სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი გაითვალისწინებენ მოსახლეობის აზრსს, თუმცა ასაშენებელი ჰესები მაინც აშენდება. ნიშნავს თუ არა ეს , რომ ხადორი სამის მშენებლობა ამ დაძაბულ ფონზე მაინც განახლდება, ეს ჯერჯერობით უცნობია, მანამდე სახელისუფლებო უწყებებთან და მედიასთან ერთად მომხდარ ინციდენტს ადგილობრივებიც აფასებენ და გარე ძალების დაინტერესებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„თბილისი თაიმსს” ესაუბრა ცნობილი პოეტი პანკისიდან სულეიმან გუმაშვილი და მან შეაფასა არსებული ვითარება ხეობაში და სამომავლო პერსპექტივები ამ კუთხით.
„როგორც მოგეხსენებათ, პანკისში მდინარე ალაზანზე წლების წინ აშენებულია და ფუნქციონირებს ორი ჰიდროელექტოსადგური,რომელიც დასახლებული პუნქტიდან მოშორებულია. მესამე ჰიდროელექტროსადგურის სოფელ ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე მოსახლეობამ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო წინასწარი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის და აქციების შემდეგ სახელმწიფოს წამომადგენლებმა გადაწყვიტეს კონსულტაციები ადგილობრივი თემის წარმომადგელებთან და მოსახლეობის ნაწილი სალაფიტების წარმომადგენლები და უხუცესები დაითანხმეს მშენებლობის ჩატარებაზე. სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ 21 აპრილის დილით შეიტყვეს.
დილიდანვე დაიწყო მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარემ მობილიზება სამშენებლო სამუშაოების შესაჩერებლად, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც მშენებლობის ადგილზე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების და ტექნიკის მობილიზაცია დაიწყო. ამან შეკრებილი მოსახლეობის აგრესია გამოიწვია და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რამაც ორივე მხარის წარმომადგენლების დაზიანება გამოიწვია, ასევე დაწვეს ავტომანქანები, რაც ძალიან ცუდია ფაქტია.
მოსახლეობას არ უნდა ჩაედინა აღნიშნული ფაქტი, მშვიდობიანი ფორმით უნდა ყოფილიყო გაპროტესტება. მომხდარმა აშკარად აჩვენა ის პრობლემები, რომლის გადაწყვეტაში სახელწიფო სტრუქტურებმა ადგილობრივი თემის სალაფიტების და უხუცესების წარმომადგელებთან ერთად ერთობლივად უნდა იმუშაონ, არ მისცენ გარე ძალებს საშუალება, რომ შექმნილი სიტუაცია თავიანთი ინტერესების სასიკეთოდ გამოიყენონ, რომლებიც მიზეზს ეძებენ ხეობაში არეულობა გამოიწვიონ. მოსახლეობას მოვუწოდებ, იანზროვნონ სახელმწიფოებრივად და თუ პასუხგაუცემელი კითხვებია დისკუსიის რეჟიმში მოაგვარონ. სახელწიფომ უნდა გაანალიზოს ხეობის ქისტი თემის მოთხოვნები და დიალოგის რეჟიმში მონახოს პრობლემის გადაწყვეტის გზები. ძალის გამოყენება არც ერთ მხარეს არ მოუტანს სიკეთეს.”
21 აპრილის ინციდენტმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. რამდენად არის მზად სახელმწიფო ადგილობრივების ინტერესები გაითვალისწინოს? იყო თუ არა სიტუაციის დაძაბვა ხელოვნური და შედიოდა თუ არა ეს არეულობა კონკრეტული ძალების ინტერესებში? ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, თუ რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მშვიდობიანი ფორმით მოსაგვარებლად ?
ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს” ესაუბრა ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
„პირველ რიგში, გავამახვილებ ყურადღებას იმ სახიფათო სპეკულაციებზე და უპასუხისმგებლო ქმედებებსა თუ განცხადებებზე, რამაც მეტად გაამწვავა სიტუაცია და გამოიწვია დაპირისპირების ესკალაცია. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნების სამართლიანობას, ვფიქრობ, ერთი მხრივ, მათი განწყობებით ზედმეტად მანიპულირება მოხდა. მეორე მხრივ, უნდა მომხდარიყო ამ სიტუაციის პროგნოზირება, რაც ვერ მოხერხდა.
რთული სათქმელია, რამდენად სამართლიანია მოსახლეობის მოთხოვნები, სანამ საზოგადოება მეტად ვრცელ სურათს არ მიიღებს. რას ვგულისხმობ. ჩვენ არ გვაქვს დანამდვილებითი ინფორმაცია ჰესის მავნებლობასთან დაკავშირებით. ეს ჰესი, რომელიც უნდა აშენდეს, საკმაოდ მცირე სიმძლავრისაა, – 5,4 მეგავატი. შედარებისთვის, ნესკრაჰესის სიმძლავრე 210 მეგავატია. წლების განმავლობაში გვესმოდა მცირე ჰესების აუცილებლობაზე. ახლა იგივე ადამიანები საწიმააღმდეგოს ამბობენ.
ამიტომ, მოსახლეობას უნდა გააცნონ სათანადო კვლევების ანალიზი, თუ შეუძლია თუ არა მცირე, 5,4 მეგავატი სიმძლავრის ჰესს ისეთი ზიანის მიყენება, რაც მოსაძლეობისთვის მიუღებელი იქნება.
ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, თუ ადგილმდებარეობას რაიმე, მცირედი, ან საგრძნობი ზიანი ადგება, რის საფასურადაა მზად მოსახლეობა არათუ დათმობაზე წავიდეს, სიხარულითაც შეხვდეს ჰესის მშენებლობას.
ჩვენ ვიხილეთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ: მშენებლობის დროს 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასრულების შემდეგ – 50; მოხდება ახალგაზრდების გადამზადება; თემის ანგარიშზე ყოველ თვე ჩაირიცხება 120 ათასი ლარი; განხორციელდება სოციალური პროექტები და ა.შ. ეს საკითხები, მშვიდად, გარე ძალების და ორგანიზაციების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს მოსახლეობასთან. იქედან გამომდინარე, როგორ მოილაპარაკებენ, ვიმსჯელოთ სამართლიანობაზე.
დაპირისპირების მიზეზი, ალბათ იყო გაუგებრობები, არასათანადო კომუნიკაცია მშენებელ კომპანიასა და მოსახლეობას შორის. ამავე დროს, ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდში ხდება მოსახლეობის წაქეზება ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.
წინა ხელისუფლების დროს ათეულობით მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. რატომღაც ერთსა და იმავე ადამიანებს მაშინ ან არ ჰქონდათ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიცია, ან მომხრეები იყვნენ. ახლა კი ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, ჩამოვყალიბდეთ რა გვსურს, ვდგავართ მცირე ჰესების მშენებლობის სტრატეგიაზე, თუ ვიდექით და გადავიფიქრეთ?! ამავე დროს, თუ სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის მშენებლობაზე, მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ხოლო მთელი ოპოზიცია, მედია, მესამე სექტორი ხელისუფლებას გადაწყვეტილების აღსრულებაში უშლის ხელს, საითკენ მივდივართ?!
ამ სიტუაციის პროგნოზირება ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვების და ლოდების სროლა პოლიციისთვის, მიუღებელია და ვინც ამას ამართლებს, ქაოსის მომხრეა. ფიქრობენ ალბათ, რომ როცა მოვლენ ხელისუფლებაში, ქაოსის დალაგებას მოახერხებენ.
ჩემს ფეისბუქ წერილში აღვნიშნე, რომ ვადროვოთ ხელისუფლებას, გაგრძელდება მოსახლეობასთან მუშაობა, მშვიდად გაერკვევიან, მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან.“
ავტორი: ანა ურუშაძე