47 წლის ნანა მამუკაშვილი ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მძღოლია. დღეს მაინც არსებულ სტერეოტიპებს ისიც არღვევს. მისი ცხოვრებისეული გარემოებებიდან გამომდინარე, მოუწია, საკუთარ თავზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აეღო. ცხოვრების საკმაო ნაწილის გატარება მას საზღვარგარეთ მოუწია. იქედან ჩამოსულს სხვა მოცემულობები ახლდა. გადაწყვიტა, არჩევანი ან სამაშველოს მძღოლობაზე, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლობაზე შეეჩერებინა.
„წარმოშობით მესხი ვარ – სუფთა მესხი. ვამაყობ და მიყვარს მესხეთი. გათხოვილი ვარ, დაახლოებით, 30 წელია. 16 წლიდან მოყოლებული, თბილისში ვცხოვრობ. ძალიან მშრომელი და განათლებული ოჯახიდან ვარ. ვარ ჩვეულებრივ, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი. ჩემი ოჯახი ძალიან ბობოქარი იყო, უყვარდა აქტიური ცხოვრება და თავგადასავლები. ბევრს ვმოგზაურობდით საბჭოთა კავშირის ქვეყნებში“.
სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ერთადერთ ქალ მძღოლობაზე მას არასდროს უოცნებია. მისი ოცნება იურისტობა იყო, მოსამართლეობა სურდა. თუმცა, უცხოეთიდან ჩამოსულს საკუთარი პროფესიით მუშაობა აღარ შეეძლო. ათ წელს იყო საზღვარგარეთ. მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის საკუთარ სამშობლოში დაუძლურებებული დაბრუნდა.
„ყოფილა შემთხვევები, როდესაც არც სწავლა და არ განათლება ყოფილა პრიორიტეტული ჩემს ცხოვრებაში. ისეთ დროს ისეთ ადგილას დავრჩი, სადაც ძალა და ენერგია უნდა მეჩვენებინა. მამის რჩევა გამომადგა, რომელიც მეუბნებოდა, რომ მარტო ტვინის გავარჯიშება არ გამომადგებოდა – არ იცი, როდის დაგჭირდება შენი ძალაო. იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ბევრი ჩემი სურვილი შეცვალა. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ ერთ-ერთი ძლიერი ქართველი ქალის სტატუსი მაქვს საზოგადოებაში. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ რასაც მე ვაკეთებ, ბევრ მამაკაცს არ შეუძლია. მე ძალიან მომწონს, რასაც ვსაქმიანობ“.
რის გამო მიიღე ეს გადაწყვეტილება?
ჩემი ეს გადაწყვეტილება, რაღაცნაირად, პროტესტი იყო ყველაფრის მიმართ. მე, თითქოს, საქართველოში არავის ვჭირდებოდი. საქართველოში ძალიან სხვანაირად ესმოდათ, თუკი მე ჩემი პროფესიით არ ვიმუშავებდი და რამე სხვას გავაკეთებდი. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ქალსაც შეუძლია, აკეთოს ის, რისი გაკეთებაც მამაკაცს შეუძლია.
შენს ამ გადაწყვეტილებას რა გამოხმაურება მოჰყვა?
ჩემ გარშემო ამ საკითხს კრიტიკულად არავინ მიუდგა. უფრო იმას მეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებდი.
უკვე მეოთხე წელია, რაც ნანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლია. ამ პერიოდის მანძილზე, მას დიდი პატივისცემითა და კიდევ უფრო დიდი გაოცებით ხვდებიან. დიდიც, პატარაც – ჯერ გაკვირვებულია, რომ საჭესთან ქალი ზის, შემდეგ კი სიამაყისა და სიამოვნების გრძნობა ეუფლებათ. როგორც ნანა ამბობს, სახლში მისულ ბრიგადას რომ დაინახავენ, პაციენტები იმის გამო ხდებიან უკეთ, რომ საჭესთან ქალი ზის. ამ ფაქტზე პაციენტს მაშინვე ღიმილი ესახება სახეზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნანა მოტოციკლეტის საჭესაც არაჩვეულებრივად ‘“ათვინიერებს“. მისით მისი დაინტერესებაც ერთგვარი პროტესტი იყო. დღემდე, ქუჩაში ადამიანები გაოცებულები უყურებენ ქალს, რომელიც მოტოციკლეტს ცალ ბორბალზე ატარებს და თან – ხელგაშვებული.
შინაგანად გაჩენილ პროტესტს დღეს ბევრი ვერ გამოხატავს. რეალურად კი გარშემო გამეფებული უსამართლობა ადამიანებზე ცუდად მოქმედებს. ნანასთვის სიამოვნებიმიმცემია ის საქმიანობა, რასაც დღეს ემსახურება. გარდა იმისა, რომ ის მანქანის საჭეს მართავს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიცინასთან, თითქმის, ყოველდღიური კავშირი აქვს. იურისტობისთვის მას გვერდის ავლა მოუწია. თუმცა, საზოგადოება იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე