აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურას უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსლან აბაშიძე გამოცდილი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტია, რომელმაც „შესანიშნავი ხედვა წარმოადგინა“.
„პოლიტიკოსის უმთავრესი მიმართულება რა გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?! – შერიგების პოლიტიკა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ჩვენ ალბათ ბატონ ხაჯინბას ვერასდროს შევურიგდებით, მაგრამ აფხაზ ხალხს აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. ბატონ რუსლანს აქვს შესანიშნავი პროგრამა, რომლის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე შეუძლებელია”.
გამახარიას ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობაში ახალი, მოადგილის შტატი იქმნება. რუსლან აბაშიძეს კი დანიშვნის შემდეგ კაბინეტის დაკომპლექტების საშუალება ექნება.
რუსლან აბაშიძეს მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.