პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილს ქეთევან ციხელაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პანკისელებმა სახელმწიფო მინისტრს ის საკითხები გააცნეს, რომელიც ხეობის მცხოვრებლებს აწუხებს და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ინტენსიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მათი ინფორმაციით, როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ისლამ გორგიშვილმა განაცხადა, მათ სახელმწიფო მინისტრისგან მიიღეს პირობა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, გათვალისწინებული იქნება.

,,იმ პროცესების მერე, რაც ხეობაში მოხდა, ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით და ასევე, სხვა ბევრი სასიკეთო საქმისთვის გადაიდგა. იმედი გვაქვს და მივიღეთ პირობა, რომ ეს ყველაფერი შემდგომშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გორგიშვილმა.

შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო მინისტრმა ხეობის მცხოვრებლებთან საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ საკითხზე ისაუბროს, რომელიც მათ აწუხებთ.

,,ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ჩვენი და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა დიალოგზე, კომუნიკაციაზე, სრულ გახსნილობაზე, რომ განვიხილოთ ყველა თემა, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის აქტუალურია. მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, ხეობაში ჩავიდე და ყველას შევხვდე და ამით გავაგრძელო ის პრაქტიკა, რომელიც ხეობაში და ხეობის მოსახლეობასთან გვქონდა.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ასევე იყო ახალგაზრდების ის ნაწილი, რომლებსაც ადრეც შევხვედრივარ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხი და თემაა, რომელიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ. არის ბევრი თემა, რომელიც პედაგოგებსა და მოსწავლეებს აინტერესებთ. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა უხუცესებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომუნიკაციით მოსახლეობა მთლიანად მოვიცვათ. ალბათ, თარიღი და ფორმატი ზუსტად განისაზღვრება. კიდევ ერთხელ ვამბობ – არის სრული მზაობა, როგორც მათი, ასევე ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი შეიძლება გადაწყდეს სწორედ ამ რეჟიმში – დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ამას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია და ბუნებრივია, ეს ჩვენი საერთო ინტერესია – პანკისის ხეობის ინტერესი იგივეა, რაც სახელმწიფო ინტერესი“, – განაცხადა ციხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოდან მივიდა, სადაც ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.

Please follow and like us: