ბოლო პერიოდში, 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის მიმართ, ისტერიული ანტიკამპანია შეიმჩნევა, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თავად არ არის იმ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, რომელიც 17 მაისის ღონისძიებებს გეგმავს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მასობრივი დაშანტაჟება მიდის იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოს მიერ ამ დღეს დაანონსებულ ღონისძიებებში.

ამასთან, როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ეკლესიის პოზიცია ლგბტ საზოგადოების მიმართ არ შეცვლილა.

მან ასევე მოუწოდა პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლება იქნება სათავეში, ეკლესია თავის სათქმელს მაინც იტყვის.

„როგორ თვლის ბატონი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს და ზოგადად, მართმადიდებელი ეკლესია მარგინალიზებული ჯგუფია? ექსტრემისტთა და ულტრამემარჯვენეთა ჯგუფები ვართ ჩვენ? მაშინ ხმამაღლა თქვან, თუ ისინი ასე გვიყურებენ.

მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს სათავეში იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი, ბახტაძე თუ სხვა, ეკლესია თავის სიტყვას ყოველთვის ამბობდა და იტყვის“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

დეკანოზის განცხადებითვე, ლგბტ საზოგადოების მიერ ივნისში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული.

„თუ ვინმეს სხვანაირად ცხოვრება უნდა და ეს მათი პირადი უფლებაა, ჩვენ არ ვიჭრებით მათ პირად სივრცეში, შეუძლიათ თავიანთი უფლებები თვითონ ისე გამოხატონ, რომ ეს საზოგადოებრივი ზნეობა არ დაარღვიონ, არ გადავიდნენ იმ საზღვრებში, რომლებიც უკვე იწვევს საზოგადოების მღელვარებას, რაც უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარი უფლებების დაფიქსირებას,“ – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

Please follow and like us: