საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად, რიყის პარკში საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს ,,ევროპის დღეები – 2019“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ასე ახლოს საქართველო ევროპასთან არასოდეს ყოფილა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს და ევროპის დაახლოების გზა საკმაოდ გრძელი და სიძნელეებით სავსე იყო. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, საქართველოს მეფეებმა და ელჩებმა დაიწყეს ევროპისკენ სვლა და ცდილობდნენ მიეღოთ მისგან ის დახმარება, რომელიც იმდროინდელ, ქრისტიანობისათვის მებრძოლ საქართველოს სჭირდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, ევროპელი მოგზაურების სრული ანთოლოგია გამოიცემა, რომლებმაც მრავალი საუკუნის წინ ძალიან საინტერესოდ ასახეს ჩვენი ქვეყანა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როცა საქართველოს ჩაუკეტეს ევროპის გზა და იზოლაციაში მოაქციეს.

,,ამის მიუხედავად, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ევროპული კულტურული კავშირები, სწრაფვა ევროპისაკენ და ევროპული ოცნება. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მამები ევროპელები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ საქართველოს გზა იყო ევროპის გზა, ამიტომ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მეორედ აღადგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გზას ევროპისკენ. ეს გზა რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ.

15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან – ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა! ჩვენ ეს შევძელით, რადგან ჩვენი მოსახლეობა და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სხვა ალტერნატივა და სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია! საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის ევროპულ განწყობას და ადასტურებს, რომ მისი გზა ევროპული გზაა. ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, ჩვენ შევძელით არ შეგვეცვალა ევროპული გეზი და ალბათ, ჩრდილოელი მეზობლის მოტივაცია იყო საქართველოსათვის რამენაირად შეეცვლევინებინა მის მიერ არჩეული, ევროპული გზა. და ის, რომ მან ეს ვერ შეძლო და ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით, ეს ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხებაა! ამ გზაზე ჩვენ წინ მივდივართ! ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ჩვენი მისწრაფებაა – მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Please follow and like us: