საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იწყება მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“.

პროექტი დღეს საერთაშორისო ფორუმით – „კულტურათა კავშირი – საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ გაიხსნება.

ფორუმს გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ელჩი კარლ ჰარცელი, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები, ევროპის წამყვანი ექსპერტები, ხელოვანები, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საერთაშორისო ფორუმი დღეს, 09:30 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიხსნება.

Please follow and like us: