საქართველო 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პროექტის „საქართველო, ევროპა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, 2022 წელს ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება და საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე 2022 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება.

„განსაკუთრებით გვახარებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის ჩვენი ემიგრანტების მიღწევები საზღვარგარეთ. ჩვენმა ხელოვანებმა უკვე დაიმკვიდრეს გამორჩეული ადგილი მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში, დიდი პოპულარობით სარგებლობენ ოპერის, ბალეტის, სახვითი თუ საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლები. საქართველო ამავე დროს არის პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც 2015 წლისას შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში გაერთიანდა. საერთაშორისო კულტურულ განზომილებაში საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ფესტივალების, კულტურული ტურიზმისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განსავითარებლად.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა, საერთაშორისო მასშტაბით გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა, კულტურათშორისი დიალოგის გაღრმავება, ქვეყნის ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველო არის ევროპის კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი, ის მუდამ იყო, არის და იქნება ამ სივრცის ორგანული და ჰარმონიული შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა პრემიერმა.

Please follow and like us: