პიგიენა და თავის მოვლა ნებისმიერი ადამიანის უპირველესი საჭიროებაა. დღეს ამ კუთხით, მომხმარებელს საკმაოდ დიდი და ფართო არჩევანი აქვს, რომელსაც ქართული, ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები სთავაზობენ.  რამდენიმე წლის წინ ბაზარზე ნატურალური საპნების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. „კუმპა“ ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებაზე. პროდუქცია ხელნაკეთია, მაქსიმალურად ჯანსაღია და არ მუშავდება ქიმიურად. “თბილისი თაიმსს” ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მისი დამფუძნებელი  თამარ მიქელაძე  ესაუბრა.

საიდან გაგიჩნდათ ხელნაკეთი საპნების შექმნის იდეა?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი მოგზაურობა მიწევს და სხვადასხვა დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი გარკვეული დროით. ყოველთვის მომწონდა ხელნაკეთი ნივთები. ხელნაკეთი საპნების იდეა დაიბადა 3 წლის წინ, როდესაც თავად გამიჩნდა კანის პრობლემა – ექზემა. ამის გამო დავიწყე დაბანის საშუალებების (საპონი, გელი, შამპუნი) შესწავლა და ასევე მცენარეული ზეთების შესახებ ინფორმაციის მოძიება. შემდეგ დავიწყე საპნის დამზადების ექსპერიმენტები, რაც დაახლოებით ნახევარი წელი გრძელდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ , როცა მივხვდი რომ სასურველი პროდუქტი მივიღე  გავიაზრე, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მსიამოვნებდა  და მინდოდა ბიზნესად მექცია. პროდუქტს ვუწოდე “კუმპა”- საპონი- სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით. 2017 წელს დავარეგისტრირე ჩემი ბიზნესი, საპნებს ვამზადებ თელავში და მას შემდეგ ნელ-ნელა ვიზრდებით.

 

რა სახის პროდუქციას ქმნით და რა მასალას იყენებთ მათ დასამზადებლად?

კუმპას ვამზადებთ მრავალფეროვანი ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან: ბენტონიტური თიხა, ღვინო (საფერავი,რქაწითელი), თაფლი, შვრია, ყავა, ვირის რძე, აბრეშუმის ჭიის პარკი, ეკოლოგიურად სუფთა ზონებში მოკრეფილი სამკურნალო მცენარეების: ჭინჭარი, გვირილა, კრაზანა და ა.შ. ასევე ძვირფასი და სასარგებლო ზეთებისგან –  ქოქოსის, წიბწის, ნუშის, ზეითუნის, კაკაოს, შიის, მანგოს კურკის ცხიმები. დაახლოებით 22 სახეობამდე საპონი გვაქვს გაყიდვაში, მათ შორის სპეციალურად სახისთვის, ტანისთვის და თმისთვის; ასევე დათექილი საპნები.

რითი განსხვავდება თქვენი პროდუქცია ქიმიური ნაწარმისგან,მთავარი უპირატესობები

პროდუქცია მზადდება ხელნაკეთი წესით, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ ხარისხს. საპნებში არ შედის რაიმე ქიმიური დანამატები პარაბენის ან ფტალატების სახით.

ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენცია ამ მიმართულებით, რითია გამორჩეული

„კუმპა“ამჟამად ბაზარზე არსებობს სხვა ხელნაკეთი საპნებიც, თუმცა ყველა მწარმოებელს თავისი მომხმარებელი ყავს. ავღნიშნავდი, რომ საპნები იქმნება  ორიგინალური რეცეპტებით (ძირთადად საპნებში  5-6 ზეთის კომბინაციაა), რომელსაც თავად მე ვქმნი. შექმნის პროცესში მაქსიმალურად ვზრუნავ იმაზე, რომ საპონს ჰქონდეს აუცილებელი დადებითი თვისებები: რბილი და ღრმა გასუფთავება (რაც მისი პირველადი დანიშნულებაა) და ასევე ის თანმდევი სიამოვნების ეფექტი, რასაც ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფს. საპონი ცოცხალი პროდუქტია და ჩვენი მომხმარებელი ამას თავად კანზე განიცდის. საპნის შერჩევისას ვაძლევთ სახის მოვლის რჩევებს და ჩვენ მომხმარებელს ყოველთვის ვაოცებთ საპნების ახალი ნაირსახეობებით.  ჩვენი მომხმარებლების შეფასებები ცხადყოფს, რომ ბაზარზე არსებობს რეალური მოთხოვნაა კუმპაზე და საპნის პირველივე გამოყენებიდან მომხმარებელი კუმპას ერთგული ხდება. ხელნაკეთი საპნების წარმოება საკმაოდ შრომატევადია და ამიტომაც პროდუქტი ძვირია. ჩვენი მიზანია ქართულ უნიკალურ ბრენდად ჩამოვყალიბდეთ და ამიტომ მთელი აქცენტი საპნის მდიდარ და სასარგებლო შემადგენლობაზე გადაგვაქვს – ხარისხზე, რომ ქართველი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

2 წლის წინ როდესაც ბიზნესი დავიწყეთ, უამრავი შეკითხვა იყო საპნების შესახებ: რატომ?რისთვის? რა საჭიროა? ამჟამად მომხმარებელი უფრო მეტადაა გათვითცნობიერებული საპნების შეძენისას, რაც დადებითად აისახება წარმოებაზე. სამომავლო გეგმებში გვსურს ახალი, უფრო დიდი სახელოსნოს მოწყობა და წარმოების გაზრდა.

სად შეიძლება პროდუქციის შეძენა და როგორია ფასები?

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენი ფბ-ის საიტიდან (@kumpahandmadesoap), ქ. თელავში, სიღნაღში, ასევე თბილისში „ჯორჯიან“-ში (აღმაშენებლის ქ.#55),  ასევე ქართული ხელნაკეთისა საპნების მაღაზიაში( კოტე აფხაზის ქ. #39). ამჟამად საპნებით დაინტერესებაა სომხეთიდანაც.

Please follow and like us: