ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელსა თუ სხვადასხვა გვერდზე ბევრი დიზაინერის ნამუშევრებს შეხვდებით. მრავალფეროვანია მათი ფორმები, ფერები, მასალა და სტილი. ყველაზე მთავარი გზა კლიენტების გულამდე მაინც ხარისხსა და ფასებზე გადის. ქართველმა დიზაინერებმა კარგად ისწავლეს ეს და ბევრი ხელნაკეთი აქსესუარის შეძენისა და შერჩევის საშუალება აქვს დღეს მომხმარებელს.
მისი ნიშა სიფერადეა. ცისას ფერები ქართული მოდის სამყაროში სულ რაღაც მესამე წელია გამოჩნდა, როცა ახალგაზრდა და ფერადმა გოგონამ კიდევ უფრო ფერადი ნივთების დამზადება და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა დაიწო.
ცისა დაუშვილი 28 წლის ქართველი დიზაინერია. სამხატვრო აკადემია მედიახელოვნების მიმართულებით დაამთავრა, თუმცა საკუთარი პროფესიით არ უმუშავია. დედის დამსახურებით მისი სიახლოვე ხელოვნების ჯადოსნურ სფეროსთან ბავშვობიდან დაიწყო. პატარა ასაკიდან ქარგავდა, ხატავდა, სტუდენტობის დროს მსურველებს გობელინსაც ასწავლიდა.
მესამე წელია , რაც ბაზარზე „ ცისა „ გამოჩნდა და ამ ფერდამა სილამაზეებმა მალევე დაიპყრო ქართველი მომხმარებლის გულები. თვითნასწავლმა დიზაინერმა სახელი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში , არამედ საზღვარგარეთაც გაითქვა. ყველაფერი კი ფერად სტამბოლში დაიწყო, სადაც ცისა ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
მის ნამუშევრებს თუ თვალს შეავლებთ ან წამით მოკრავთ თვალს, დიდხანს ვერ დაივიწყებთ. ფერთა საოცარი შეხამება, მსუბუქი სინაზე, კომფორტი , მასალების მრავალფეროვნება- ქართველი ხელოვანი ფეხსაცმელებს, ჩანთებს, ქურთუკებს და სხვა აქსესუარებს ულამაზესი ფერადი ყვავილებით აფორმებს და მათ ახალ სიცოცხლეს საოცარი ფერებით ჩუქნის.
სტამბოლისა და ცისას შინაგანის ფერების კარგი შეხამებაა მის მიერ დამზადებული ულამაზესი ფეხსაცმელები, რომელსაც დიზაინერი თავის პატარა სახელოსნოში მყუდრო გარემოში ქმნის. დიდ ბაზარზე, სადაც კიდევ უფრო დიდი კონკურენცია და მოთხოვნაა, ახალგაზრდა ფარფატა გოგონამ თავისი ფერადი ფერებით და ულამაზესი ყვავილებით დაიმკვიდრა ნიშა და მომავალში კიდევ უფრო მეტს და მეტს გეგმას.
როგორ გაჩნდა გვერდის შექმნის იდეა და რა ჰობი აქვს გარდა მხატვრობისა, ამაზე „თბილისი თაიმსს” ქართველი დიზაინერი ცისა დაუშვილი ესაუბრა.
-როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა და რა სირთულეების გადალახვა მოგიწია?
ხშირად ვამბობ,რომ იღბლიანი ვარ,მნიშვნელოვანია მოხვდე საჭირო დროს,საჭირო ადგილას და იცოდე რა გინდა. სტამბოლში დავეუფლე ფეხსაცმლის კერვას,სასიამოვნო და საინტერესო პროცესია,შემდეგ დავიწყე ჩანთების, ქურთუკების, აქსესუარების შექმნა, საფრანგეთში დაგეგმილი გამოფენის შემდეგ თბილისს დავუბრუნდი.
ადამიანებს ერთდროულად უნდათ ლამაზი, განსხვავებული, პრაქტიკული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ჩემი ნამუშევრები მისაღები აღმოჩნდა ამ მოთხოვნების მქონე მომხმარებლებისთვის.
ამიტომ შემიძლია თამამად ვთქვა ,რომ “ცისა” წარმატებით იმკვიდრებს თავს, როგორც ქართულ ,ასევე უცხოურ ბაზარზე.
–რა არის „ცისას” ნიშა, რით გამოირჩევა იგი სხვა დიზაინერების ხელნაკეთი აქსესუარებისგან?
ჩემი ხედვა უფრო ფერადია, უფრო მეოცნებე, როგორც “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” . ძირითადი მასალა ტყავია, თითოეული ნამუშევარი ემოციურია, ესკიზებს იშვიათად ვქმნი წინასწარ, მაქვს იდეა და მუშაობის პროცესში ვცვლი, ნამუშევრები ბუნებრივობით უნდა გამოირჩეოდეს, ვგრძნობ ფერებს და ვთამაშობ ცივი და თბილი ფერებით,ძირითადად პასტელური ფერები მიყვარს.
ხშირად მაიგივებენ „დოლჩე გაბანასთან“ ,მაგრამ ვერ ვიტყვი ,რომ მათი გავლენის ქვეშ ვარ,ჩემი ნამუშევრებიც ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო,მიბაძვა ცუდი არაა,მაგრამ გარკვეულ ეტაპამდე,სანამ თავიანთ თავს არ იპოვნიან.
-რა არის შენი ჰობი , როგორ ატარებ თავისუფალ დროს ?
ზოგადად, მხიარული ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ისინი მავსებენ და მახალისებენ. ვთვლი,რომ მათ გარეშე ჩემი ცხოვრება უფერული იქნება, თუმცა, მუშაობის პროცესში, განმარტოვება მჭირდება. საქმე, რომელსაც ვაკეთებ, დიდ ძალისხმევას, დაფიქრებასა და სიმშვიდეს მოითხოვს .ხშირად ვუსმენ გია ყანჩელის შემოქმედებას.
განტვირთვის მიზნით ცეკვაზე დავდივარ, ეს მეხმარება დასვენებაშიც და ამავდორულად ინსპირაციის წყაროც შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის საინტერესო მსგავსი ტიპის გამოწვევები.
–გვიამბე შენს სამუშაო გარემოსა და პროცესზე .
ძირითადად ღამე ვმუშაობ,უფრო შემოქმედებითია,მახსენდება ვან გოგის სიტყვები, “მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ღამე გაცილებით უფრო ცოცხალი და ფერადია, ვიდრე დღე”.
-რომელ ქვეყანასა და ეპოქაში იცხოვრებდი ?
საქართველო ძალიან მიყვარს მაგრამ აუცილებლად მოვსინჯავ ჩემს ძალებს ნიუ იორკში და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მე-19 საუკუნის პარიზში.
–როგორია შენი სამომავლო გეგმები.
სამომავლოდ გამოფენას ვგეგმავ. ასე არ შემიძლია მომავალზე საუბარი,მაგრამ ვიცი,რომ ყველაფერი იცვლება და უკეთესიბისკენ, თუ ფანტაზიას არ დავიშურებთ .“
ავტორი: ანა ურუშაძე