მარნეულის მუნიციპალიტეტში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვი სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების დაცვით დაიმარხა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის სააგენტოდან აცნობეს.

შესაბამისად, სააგენტოში გამორიცხავენ აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა გუშინვე დაიწყო. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განაცხადა, პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.

Please follow and like us: