ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ პანკისზე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჩვენ ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ, – ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და ჰესების მშენებლობის საკითხს შეეხო.

„პანკისს რაც შეეხება, შესაბამისი უწყებები აკეთებენ ამის ანალიზს და მე საზოგადოებას შევპირდი, როდესაც იქნება ეს ანალიზი, ბუნებრივია, გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან. დღეს ინტენსიური დიალოგი არის ჩვენს მოქალაქეებთან. პანკისის ხეობაში არსებობს რეგიონის განვითარების გეგმა, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული თვითონ ადგილობრივებს. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ინიციატივაა. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პანკისზე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მხარეში ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჩვენ ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ამ პრობლემებს სჭირდება გადაჭრა. რა თქმა უნდა, ამ პრობლემების გადაჭრა ერთ და ორ დღეში არის წარმოუდგენელი. ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, კომუნიკაციის შედეგად ადგილობრივებთან,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ყურადღება ჰესების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„მე მაქვს რწმენა, რომ ის განვითარების გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, ძალიან კარგად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ობიექტურად დღეს დგას ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ინვესტორებთან, ასეთი შემთხვევები {პანკისში რამდენიმე კვირის წინ განვითარებული მოვლენები} არ არის კარგი. ვთქვი და გავიმეორებ, რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის კონკრეტული, ძლიერი, მაღალ დონეზე. მათ საქართველოში ძალიან კომფორტული ბიზნეს გარემოსი სწამთ და ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგები სხვადასხვა რეიტინგებში არის ძალიან კარგი მაგალითი. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირიქით, უნდა ველოდოთ მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ენერგეტიკაში. ჩვენ არასდროს არ გავაკეთებთ იმას, რომ ასეთი პროექტები აშენდეს ადგილობრივი მოსახლეობის ან ეკოლოგიის ინტერესების ხარჯზე. ასე არ მოხდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან მაღალ სტანდარტს, როდესაც საუბარია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, როდესაც საუბარია ეკოლოგიურ სტანდარტებზე, მაგრამ ამავდროულად, აშენდება ჰესები. ჩვენ ის გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ის გვჭირდება ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.

Please follow and like us: