2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება/ ფესტივალს ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და დამავრცელებელთა ასოციაცია გაუწევს.
აღსანიშნია, რომ, ფესტივალის ისტორიაში პირველად, ამ წელს მსოფლიო საგამომცემლო სივრცის უმაღლესი რანგის პირი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ჰიუგო ზეტცერი გახსნის. გარდა ამისა, თბილისს ეწვევა ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხოსე ბორგინო – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვილმარ დიპგრონდი – სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე, ჯაუმე ვიცენსი – სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ქართველ საგამომცემლო პროფესიონალებთან ერთად იგეგმება ერთდღიანი კონფერენცია.
როგორც „თბილისი თაიმსს“ აცნობეს: „თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად გამოდის ინიციატივით, ფესტივალის პავილიონში შეიქმნას „თავისუფალი სიტყვის სექტორი“, სადაც განთავსდება არასამთავრობო ორგანიზაციების სტენდები, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, საგანგებოდ ფესტივალის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი სიტყვის 1 საათი“, რომლის ფარგლებშიც, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ყოველ დღე, მათ დაეთმობათ ერთი საათი ფესტივალის მთავარ სცენაზე ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემებზე სასაუბროდ, გაიმართება პანელ დისკუსიები ქართველი მწერლების ჩართულობითაც. 4 დღის განმავლობაში, არასამთვრობო ორგანიზაციებს ასევე მიეცემათ საშუალება, ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყონ მათი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალის გავრცელება, დაგეგმონ შეხვედრები და დისკუსიები თავიანთ სტენდებზე და ფესტივალის დამთვალიერებლებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ“.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, 2019 წლის თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ფინეთი იქნება. ფოკუს ქვეყნის პროგრამა განხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაციის, ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდ „ფილის“ (FILI-Finnish Literature Exchange) ორგანიზებით.
„აქვე, გაცნობებთ, რომ უკვე ცნობილია 2020 წლის, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაც – ამ სტატუსს თურქეთი 2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს“ – აცნობეს „თბილისი თაიმსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა.
„შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“.
გიორგი ასანიძე, 22 წლის: „წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელიწადის ის პერიოდი, რომელსაც, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. აი, „დახვავებულ“ წიგნებს რომ მივიტან ხოლმე სახლში, იმაზე დიდი ემოციაა, ვიდრე – გარკვეული პერიოდის მანძილზე ნაყიდი წიგნები. გარდა ამისა, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ შეგვიძლია, შეხება გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კომპეტენტურ ადამიანებთან“.
ნათია ტატიაშვილი, 29 წლის: „რაც უნდა იყოს, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ წელს პირველად ვაპირებ წიგნის საერთაშორიო ფესტივალში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, მე იმ იდეის მომხრე ვარ, რომ გვიანი არასდროს არაფერია. ჩემი ბევრი მეგობარი ელოდება ხოლმე ამ დღეებს, ჰოდა, ამ წელს, მეც მათთან ერთად დაველოდები“.
მარიამ ადამია, 19 წლის: „თუკი შეიძლება, დღეს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი თარიღებიდან კიდევ უფრო გამორჩეულობის სია შევადგინოთ, თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თარიღი სწორედ წიგნის ფესტივალის დღეებია. როგორც აშკარაა, ამ დღეებში ახალგაზრდები განსაკუთრებულად აქტიურობენ. იმხელა ინტერესს იჩენენ, იმხელა შემარტება აქვთ და იმდენად მობილიზებულები არიან, რომ უკეთესს მოცემულობას ბევრს ვერ ნახავთ. ვისურვებდი, ამ ფესტივალზე აქტიურობის საშუალება ქართველებს კიდევ მრავალ წელს ჰქონდეთ“.
ავტორი: მარიამ ტიელიძე