საქართველოს ფარგლებს არაერთი ქართველი გაცდენია ყოვლად განსხვავებული მიმართულებებით. იქნება ეს სპორტი, მხატვრობა, ფოტოგრაფია თუ სხვა – ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იცნობენ. თუმცა, მათი სახელები ჰოლივუდთან არ ასოცირდება. თეა და ლიკა შენგელაიები ზღაპრულ ჰოლივუდში საკუთარი უნარებისა და მონდომების მეშვეობით მოხვდნენ. საკუთარი მიღწევების შესახებ თეა შენგელაია თავად მოგვიყვება.

ის 29 წლისაა, პროფესიით ექიმი. ამჟამად, ტუბერკულოზის ერთ-ერთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევაზე  მუშაობს. გარდა ამისა, ის მუსიკალური დუოს – „ჰილერ თვინსის“ (ტყუპი დების) ვოკალისტია.

შენ და შენი ტყუპი და ექიმები ხართ. როგორ მოხდა, რომ ორივე ცხოვრების საერთო გზას დაადექით?

ალბათ, ყველა ტყუპის ბედი ასეთია – ერთ გზაზე სვლა. გინდა – არ გინდა, მაინც ეგრე გამოდის, ქვეცნობიერად. ბავშვობაში სულ მომღერლები და მსახიობები გვინდოდა, გამოვსულიყავით, მაგრამ ამას ოჯახში სერიოზულად და დაჟინებით არასდროს ვახსენებდით; უბრალოდ, რაღაც, თითქოს, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ესე ისედაც მოხდებოდა.  შემდეგ, როცა დრო დადგა “სერიოზული” კარიერის არჩევანის გაკეთებისა, მოვიფიქრეთ, მამის (და ბებიის) კვალს გავყოლოდით და თან იმიტომ, რომ ყველაზე ჰუმანურ და კეთილ საქმედ მიგვაჩნდა.

ბენდი – Healer Twins – რას მეტყვი მის და მისი უცხოური წარმატებების შესახებ?

ოო, არ ვიცი, საიდან დავიწყო. ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა „ჰილერ თვინსის“, ანუ მკურნალი დების ცხოვრებაში ამ წლების მანძილზე.  ეს დუო დავაარსეთ 2012 წელს და დავიწყეთ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ლოკაციაზე დაკვრა.  ჩვენ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ვიყავით პირველი მუსიკალური დუო –  გოგოებისგან შემდგარი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, (სადაც, სწორედ მამაჩემის პროფესიული მოღვაწეობიდან გამომდინარე, 90-იანი წლების დასაწყისში, ასევე, ვიყავით პირველი ქართველი ოჯახი მცხოვრები საემიროებში), რადგან მოგეხსენებათ, რაც უნდა მრავალეროვანი ხალხით იყოს ისლამური ქვეყანა დაკომპლექტებული, მაინც არის იმ ტრადიციისა და მენტალიტეტის ნატამალი მასში შემორჩენილი. ასე რომ, შეიძლება, თამამად ითქვას,  ჩვენ გავხსენით ასპარეზი ადგილობრივი მდედრობითი სქესის მუსიკოსებისთვის, რამაც, შესაბამისად, გარკვეული წარმატება და აღიარება მოგვიტანა.  შემდეგ გამოვუშვით სადებიუტო ალბომი, რომელიც დაგვისპონსორა ადგილობრივმა “ფიუჟენ” მუსიკოსმა და პროდიუსერმა, კამალ მუსალამმა, რომელიც თან არის გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი საპატიო ჟიურის წევრი. სწორედ ამის შედეგად, ჩვენი ალბომიდან ორი სიმღერა მოხვდა გრემის შესარჩევ ტურში 2017 წელს. ეს მოხდა მაშინ, როცა ლონდონში ვცხოვრობდით. ლონდონში ყოფნისას წილად ხვდა არაერთ ცნობილ ადგილზე დაკვრა, როგორიცაა – YouTube HQ, Rich Mix London და  02 Academy (სადაც არაერთ ძალიან ცნობილ მუსიკოსს თუ ბენდს დაუკრავს). 02 Academy-ში მოხდა ისე, რომ ქეთი მელუას ძმამ, ჩვენმა ძალიან თბილმა მეგობარმა დაუკრა ჩვენთვის. იგი არის არაჩვეულებრივი გიტარისტი და, პირველ ყოვლისა, პიროვნება!

თქვენს სამსახიობო წარმატებებზეც გვითხარით

სამსახიობო კარიერაც, დაახლოებით, მაშინ დაიწყო, როცა მუსიკალური დუო ჩამოვაყალიბეთ. 2012 წელს საემიროებში მივიღე შემოთავაზება, რომ მიმეღო მონაწილეობა თეატრალურ დადგმაში და მომცეს ერთ ერთი მთავარი როლი. შემდეგ ამას მოჰყვა კასტინგები და, რადგან რეჟისორებს მოსწონდათ ეკრანზე ჩემი სახის გამომეტყველება, არაერთი შემოთავაზება მქონია სწორედ რეკომენდაციით.

შენი და შენი ტყუპი დის ინტერესები არაერთი მიმართულებით ემთხვევა. რა განგასხვავებთ?

ძირითადად, სულ საერთო ინტერესები გვაქვს. ერთადერთი ის განგვასხვავებს, რომ ჩემი და უფრო მშვიდი და გაწონასწორებულია, მე უფრო მოუსვენარი და ცოტა ხმაურიანი.

მიყვარს გარეთ ყოფნა, ხალხთან ურთიერთობა და რისკებზე წასვლა. არ მეშინია  სახლში მარტო ყოფნის ან გარეთ – დილის 3 საათზეც. აი, ჩემი და კი ვერაფრით გავა მარტო გვიან სადმე.

ჰოლივუდთან  რა გაკავშირებთ?

“ვარსკვლავური ომები” და “ომის მანქანა”.

“ვარსკვლავურ ომებში” მონაწილეობამ დიდი ხმაური გამოიწვია არა მარტო საქართველოში, არამედ – ყველგან. ეს იყო დაუჯერებელი. მეტიც, ვიდრე აქ გაიგებდნენ და ქართული მედია გამომეხმაურებოდა, ლოს ანჯელესიდან უკვე მწერდნენ რედაქტორები.   ყოველ დღეს„გუგლში“ რომ ვწერდით ჩვენს სახელს  – “ჰილერ თვინს”, სულ რაღაც ახალ სტატიას გვიგდებდა. ასე ამოაგდო ერთ დღეს yahoomovies ჩვენზე სტატიამ. ასევე, ფრნაგულ, გერმანულ და სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთი წერდა ჩვენ შესახებ. ალბათ, იმიტომ, რომ ტყუპები „ვარსკვლავურ ომებთან“ უკვე პირველივე ეპიზოდთან ასოცირდებოდა.

რას მიიჩნევ შენს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ფაქტებად?

პირველი ის, რომ შევქმენით “ჰილერ თვინს” თავისი არსითა და გაგებით, რომელშიც ბევრი აზრი და ფიქრია ჩაქსოვილი. მეორე ის, რომ მივიღეთ მონაწილეობა „ვარსკვლავურ ომებში“, მე -7 ეპიზოდში.

და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ასეთი საინტერესო ცხოვრებისეული მომენტი გვექნება მომავალშიც.

დაბოლოს, რას გვეტყვი საკუთარ სტრატეგიაზე, რითაც, მსოფლიო მასშტაბით, წარმატებებისთვის მიგიღწევია?

არ დანებდე, თუ შიდა ხმები გეძახიან, რომ შენ სადღაც რაღაცას აუცილებლად  მიაღწევ. არ უნდა გაჩერდე,  ძალიან მშვიდად და მიზანდასახულად უნდა მიჰყვე გზას. ოღონდ მოვლენების დაძალებითა და დაჩქრებით არაფერი გამოვა. მთვარია, ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდეს.

უნდა გჯეროდეს, რასაც აკეთებ და სხვებიც დაგიჯერებენ – დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად.  და ბოლოს, ნიჭისა და მოწოდების დაიგნორება ცხოვრების მანძილზე არის ერთ-ერთი დიდი ცოდვა. ამ ლოზუნგით მოვედი აქამდე და მივდივარ ბოლომდე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: